ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმე - ჩემი რეაქცია იყო, თუ წითელი ავტომობილის მძღოლმა დაინახა, რომ მოზარდი დაეცა, რატომ არ მიეხმარა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმე - ჩემი რეაქცია იყო, თუ წითელი ავტომობილის მძღოლმა დაინახა, რომ მოზარდი დაეცა, რატომ არ მიეხმარა

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ ერთ-ერთი თვითმხილველი გამოკითხა.

მოწმე თამარ გოცირიძის გამოკითხვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მან მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირება სახლის აივნიდან დაინახა. მოწმე აცხადებს, რომ დაინახა ლევან დადუნაშვილი, მის წინ იდგა ერთი პირი, თუმცა მისი სახე არ დაუნახავს.

„საკმოდ მაღლიდან ვხედავდი და ვერ ამოვიცნობდი, ვერც სახეს ვარჩევდი, დაახლოებით მეხუთე სართულიდან ვუყურებდი დიაგონალზე. ჩემგან სახის დანახვა პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, მე ვხედავდი  სავარაუდოს დადუნაშვილის ეპიზოდს. მოვყევი ყველაფერი, რაც სასამართლოში და თავიდან დაკითხვაზე მაქვს ნათქვამი. სახეს ვერ ვხედავდი, თუმცა დადუნაშვილთან ერთი ადამიანი იდგა.

მე ვერ ვხედავდი დანას და დაჭრას, ორი ადამიანი ჩხუბობდა, მერე რა მოხდა, ვერ დავინახე, რადგან ტელეფონი ავიღე და თავი რომ ავწიე, ერთ-ერთმა მოზარდმა ერთი ნაბიჯი გადადგა და ჩაიკეცა. სავარაუდოდ, სარალიძეზეა საუბარი. ამ დროს, როდესაც ის ჩაიკეცა, წითელმა ავტომობილმა დაიწყო მოძრაობა თაღის მიმართულებით ნელი მოძრაობა. ჩემი რეაქცია იყო, თუ ავტომობილის მძღოლმა დაინახა, რომ მოზარდი დაეცა, რატომ არ მიეხმარა და ასე გაბრაზებული გავიქეცი თაღისკენ“, – განაცხადა თამარ გოცირიძემ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ხვალ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებს გამოკითხავენ. ხუთშაბათს კი, არასრულწლოვნებთან გასაუბრება გაგრძელდება.