ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე ექსპერტები იკითხებიან
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე ექსპერტები იკითხებიან

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე დღეს ექსპერტები იკითხებიან, რომლებიც გარდაცვლილებისთვის მიყენებულ დაზიანებებზე საუბრობენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, ექსპერტი ამბობს, რომ ერთ-ერთ გარდაცვლილს მიყენებული აქვს მრავლობითი ჭრილობები.

„ეს არის ჩემი მოსაზრება, რომ ის ერთი ადამიანის მიერ მოკლული არ არის. ექსპერტიზას ველოდებით და იქ ყველაფერი გამოჩნდება. კომპლექსურ ექსპერტიზაზე კითხვა დაისვა თებერვლის თვეში. მკვლელობიდან სამ თვეში დაისვა მთავარი შეკითხვები. აღმოჩნდა თითქოს პოლიტიკური ელფერი აქვს ამ საქმეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ და აღნიშნა, რომ ამ ელფერს საქმეს პროკურატურა აძლევს.

ამასთან, მისი თქმით, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას პოლიტიკური მიზნები არ ჰქონია.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი პროკურორი, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამა, მირზა სუბელიანი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველ კადრებს ინახავს. მისი თქმით, მირზა სუბელიანი პროკურატურას კადრებით აშანტაჟებს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.