ხობში, შუა ხორგა -ყულევის დამაკავშირებელი 16 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფლების შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელი 16 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ შუა ხორგაში იწყება და სოფელ ყულევში – ნავთობ-ტერმინალის შესასვლელთან სრულდება. აღნიშნული მონაკვეთს კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია. საავტომობილო გზა დაზიანებული იყო და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ვერ უზრუნველყოფდა.
პროექტის შესაბამისად ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი მოეწყობა, ხელოვნური ნაგებობები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები განახლდება და შესაბამისი მონიშვნები გაკეთდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 688 800 ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.