ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შემდეგ მაშველები 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ
ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შემდეგ მაშველები 20-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნავზე სულ 49 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 27 პირი სამგზავრო ბორანის ეკიპაჟმა გადაარჩინა. დანარჩენებს მაშველები ეძებენ. გადარჩენილთაგან ექვსი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში ხმელეთზე ვერტმფრენით გადაიყვანეს.
გაერო-ს მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში მიმავალი არალეგალი მიგრანტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა ეს კვლავ რჩება სერიოზულ გამოწვევად. თუ 2015 წელს ევროპაში ხმელთაშუა ზღვით ერთი მილიონი მიგრანტი ჩავიდა, 2018 წელს ეს რიცხვი 140 ათასამდე შემცირდა. 2019 წლის დასაწყისიდან კი ევროპის სანაპიროს ხმელთაშუა ზღვიდან 23 ათასამდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიაღწია.