ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ხმელთაშუა ზღვის ბლოკირებას მოახდენენ, თუ აშშ და მისი მოკავშირეები ღაზაში დანაშაულებებს არ შეწყვეტენ
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ხმელთაშუა ზღვის ბლოკირებას მოახდენენ, თუ აშშ და მისი მოკავშირეები ღაზაში დანაშაულებებს არ შეწყვეტენ

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ხმელთაშუა ზღვის ბლოკირებას მოახდენენ, თუ აშშ და მისი მოკავშირეები არ შეწყვეტენ დანაშაულებებს ღაზაში. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“, ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

„მათ მალე ელოდებათ ხმელთაშუა ზღვის, გიბრალტარის სრუტის და სხვა საზღვაო გზების ბლოკირება“, – განაცხადა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალმა, მოჰამედ რეზა ნაქდიმ.

როგორც „როიტერი“ წერს, ირანს არ აქვს წვდომა ხმელთაშუა ზღვაზე, ამიტომ ბუნდოვანია, როგორ გეგმავს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მის ბლოკირებას.

ცნობისთვის, ირანის მხარდაჭერით მოქმედი ჰუსიტები წითელ ზღვაში სატრანსპორტო ხომალდებს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, რის გამოც ზოგიერთმა კომპანიამ ამ მარშრუტის გამოყენებაზე უარი თქვა. მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში კომერციულ ხომალდებზე თავდასხმის ოპერაციებში ირანია ჩართული.