გვსიამოვნებს, როდესაც გვგონია, რომ ადამიანის ტვინი განსაკუთრებული და უზენაესია, თუმცა ხანდახან, დედამიწაზე ყველაზე პატარა ტვინებმაც კი შეიძლება საოცარი მსგავსება აჩვენოს ჩვენს ტვინთან.
ახალი კვლევის მიხედვით, როდესაც ხის ჭიანჭველები (Formica rufa) ვიზუალურ მეხსიერებას ტვინში ინახავენ, არღვევენ სიმეტრიის წესებს — როგორც ჩანს, ეს ციცქნა არსებები ტვინის ერთ მხარეში მოკლევადიან მეხსიერებას ინახავენ, მეორე მხარეს კი გრძელვადიანს.
ამ მოვლენას ნერვულ ლატერიზაციას უწოდებენ და ცხოველებში ის ახლო კავშირში ჩანს მეხსიერების ფორმაციასთან. მაგალითად, ადამიანის თავის ტვინში ტვინში სივრცული მეხსიერება და მუსიკალური დამუშავება ძირითადად ინახება მარჯვენა მხარეს, ენა კი ძირითადად მარცხენა მხარეს, თუმცა, მათ შორის არის მრავალი კომუნიკაცია და გადაკვეთის წერტილი.
სავარაუდოდ, იგივე ხდება ამ ჭიანჭველაშიც.
„ეს გახლავთ ლატერალიზებული ვიზუალური მეხსიერების ფორმაციის ჩვენთვის ცნობილი პირველი მაგალითი მწერებში, რასაც დიდი გავლენა აქვს მწერების ვიზუალური მეხსიერების ჩვენეულ წარმოდგენასა და მეხსიერების ფორმაციის ლატერალიზაციის ევოლუციაზე“, — წერენ მკვლევრები.
ერთ დროს მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ადამიანები პლანეტის ერთადერთი არსებები ვიყავით, რომლებსაც ტვინის ორი სხვადასხვა ნახევარსფერო გვაქვს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ფუნქციებსა და ქცევებზეა სპეციალიზებული.
რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი უკეთესად ვიცით. ტვინის ფუნქციის ასიმეტრია ფართოდ არის გავრცელებული ხერხემლიანებში და ეს უკვე დიდი ხანია ასეა, რადგან სავარაუდოდ, გამოჩნდა მათი ევოლუციის ძალიან ადრეულ ეტაპზე.
ასე შეიძლება მოხდა უხერხემლოების შემთხვევაშიც. სოციალური ფუტკრებისა და მათი ყნოსვითი მეხსიერების ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ეს ქმნილებები ფუნქციებს ტვინის მარცხენა ან მარჯვენა ნაწილში ინახავენ. იმის გამო, რომ კვლევათა უმეტესობა ფუტკრების ყნოსვით მეხსიერებაზე იყო ფოკუსირებული, უცნობი რჩებოდა, არსებობს თუ არა ლატერალიზაცია მეხსიერების სხვა ტიპებშიც და მწერების სხვა სახეობებშიც.
ხის ჭიანჭველების გამოყენებით, რომლებიც ცნობილი არიან ვიზუალური ნავიგაციით, მკვლევრებმა კლასიკური რეფლექსური ექსპერიმენტი ჩაატარეს. როდესაც ლურჯ ობიექტს აჩვენებდნენ, ჭიანჭველებს შაქრის მარცვალთან მარჯვენა ან მარცხენა საცეცით შეხების უფლებას აძლევდნენ, შემდეგი კი ჭამის.
პავლოვის ძაღლების მსგავსად, მწერებს ვიზუალურ სტიმულზე შეპასუხება ასწავლეს; ამის შემდეგ კი, ამ ასოციაციას ტესტავდნენ 10 წუთის, საათის ან დღის შემდეგ. თუკი ჭიანჭველები პირს ლურჯი ობიექტის მიმართულებით იშვერდნენ, ეს წყურვილის ნიშნად მიიჩნეოდა.
როდესაც ჭიანჭველები მხოლოდ მარჯვენა საცეცით გაწვრთნეს, წყურვილი 10 წუთის განმავლობაში წარმოაჩინეს, დროის მსვლელობასთან ერთად კი ეს ეფექტი შემცირდა.
მეორე მხრივ, მხოლოდ მარცხენა საცეცით გაწვრთნილმა ჭიანჭველებმა პასუხი არ აჩვენეს არც 10 წუთის და არც საათის განმავლობაში. თუმცა, ერთი დღის შემდეგ, მათ წყურვილის ძლიერი ნიშნები გამოავლინეს.
„ვაჩვენეთ, რომ ხანმოკლე კონტაქტი ჯილდო შაქარსა და მარჯვენა ან მარცხენა საცეცს შორის საკმარისია, რომ წარმოიქმნას ლატერალიზებული მეხსიერება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიზუალური სტიმული ორივე თვალისთვის არის ხილული მთელი ტესტირებისა და წვრთნის განმავლობაში“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, მარჯვენა საცეცისთვის მიცემულმა სტიმულმა გამოიწვია მოკლევადიანი მეხსიერება, მარცხენა საცეცის შემთხვევაში კი გრძელვადიანი.
თუ ყველაფერი მართლა ასეა და მეხსიერების ეს სხვადასხვა ტიპები მართლაც ჭიანჭველების ტვინის სხვადასხვა მხარეს ინახება, ჩნდება ვარაუდი, რომ მეხსიერების ლატერალიზაცია შეიძლება შორეულ წარსულში მრავალჯერ ჩამოყალიბდა.
არსებობს თეორია, რომ ის აღმოცენდა უფრო სოციალურ არსებებში, მაგრამ ეს თეორია მკვლევართა შორის ჯერ ცხარე დებატების საგანია.
სოციალურ ფუტკრებში ყნოსვით მეხსიერებასა და ლატერალიზაციაზე ჩატარებული კვლევა სწორედ რაღაც ასეთზე მეტყველებს. როგორც ჩანს, უფრო ძლიერი მეხსიერება წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ისინი მარჯვენა საცეცს იყენებენ, გრძელვადიანი მეხსიერება კი ფორმირდება ფუტკრის მარცხენა საცეციდან შემავალის საპასუხოდ.
ეს საკითხი შემდეგი კვლევებისთვის ნამდვილად ღირს. თუნდაც იმიტომ, რომ გაირკვეს, რატომ არის ჩვენის მსგავსი ასიმეტრიული ტვინი ასე უპირატესი.
მწერების მემკვიდრეობითი ხაზის უკეთესად ცოდნის გარეშე ძნელია იმის თქმა, მეხსიერების ლატერალიზაცია ჭიანჭველებსა და სოციალურ ფუტკრებში დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა თუ ის საერთო წინაპარში იყო წარმოდგენილი და შემდეგ მარტოსულ ფუტკრებში დაიკარგა.
ტვინის ორი ნახევარსფეროს ქონა შეიძლება ამცირებდეს კონფლიქტურ ინფორმაციას ან ტვინს ზედმეტი ინფორმაციის მოცილებაში ეხმარებოდეს, რაც შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს პატარა ტვინისთვის, რომელსაც ენერგიისა და სივრცის დაზოგვა სჭირდება.
ასევე შესაძლებელია, რომ გრძელვადიანი მეხსიერების ერთ მხარეს შენახვა ჩამოყალიბებისთვის ადგილს უტოვებს მოკლევადიან მეხსიერებას; ამ მიმართულებით მეცნიერებს შესასწავლი ჯერ ძალიან ბევრი აქვთ.
კვლევა ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.