ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის გენომში ჩვენი უცნობი წინაპარი იპოვა
ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის გენომში ჩვენი უცნობი წინაპარი იპოვა

არავინ იცის, ვინ იყო ის, მაგრამ ცნობილია, რომ იგი მართლაც გამორჩეული, სხვანაირი იყო. საუბარია 50 000 წლის წინ მცხოვრებ იმდენად უნიკალურ მოზარდ გოგონაზე, რომ მეცნიერებს ის თანამედროვე ადამიანთა ერთგვარ „ჰიბრიდ“ წინაპრად მიაჩნიათ.

მეცნიერებმა იპოვეს იმის მტკიცებულებებიც, რომ ის მარტო არ იყო. ახალ კვლევაში, რომლის ფარგლებშიც ადამიანთა კომპლექსური არეულობის ანალიზი ჩაატარეს, მეცნიერებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი. მათი მიზანი იყო გამოევლინათ თანამედროვე ადამიანთა უცნობი სახეობის წინაპრები, რომლებსაც ისინი ათასწლეულების წინ, აფრიკიდან მომავალ გზაზე გადაეყარნენ.

ევოლუციური ბიოლოგის, ჟომ ბერტრანპეტის განმარტებით, დაახლოებით 80 000 წლის წინ, ადამიანთა პოპულაციის გარკვეულმა ნაწილმა, რომელიც უკვე მოიცავდა თანამედროვე ადამიანებსაც, აფრიკა დატოვა და სხვა კონტინენტებზე მიგრაცია დაიწყო, რის შედეგადაც წარმოიშვა მთელი თანამედროვე მოსახლეობა.

ევრაზიისკენ მიმავალ გზაზე, ხშირი იყო შეჯვარებები უძველეს და ამჟამად გადაშენებულ, სხვა სახეობების ჰომინიდებთან.

ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ამ შემთხვევით სექსუალურ პარტნიორებს შორის იყვნენ მხოლოდ ნეანდერტალები და დენისოვიანები.

თუმცა ახლახან, ევრაზიულ დნმ-ში გამოიყო მესამე პარტნიორიც. ეს შესაძლებელი გახდა უძველეს და თანამედროვე ადამიანთა გენეტიკური კოდების კომპლექსურ მასაში ღრმა სწავლებითი ალგორითმების გამოყენებით.

ბაიესის დასკვნის სახელით ცნობილი სტატისტიკური ტექნიკის გამოყენებით, მეცნიერებმა იპოვეს ე. წ. მესამე ინტროგრესიის (გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა სახეობებს შორის შეჯვარების შედეგად) მტკიცებულება. საქმე ეხება არქაულ „მოჩვენება“ პოპულაციას, რომელთანაც ადამიანები აფრიკიდან მომავალ გზაზე შეჯვარდნენ.

დენისოვას მღვიმე

როგორც მეცნიერები კვლევაში წერენ, ეს პოპულაცია დაკავშირებულია ან ნეანდერტალ-დენისოვას შტოსთან, ან ადრეულ ეტაპზეა დაშორებული დენისოვურ ხაზს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ადამიანთა სექსუალური ისტორიის ეს მესამე პოპულაცია თავად იყო ნეანდერტალებისა და დენისოვიანების ნაჯვარი.

ყოველ შემთხვევაში, ასეთია ხელოვნური ინტელექტის ჰიპოთეტური დასკვნა, რომელიც მან გასულ წელს, 13 წლის „ჰიბრიდი გოგონას“ ნამარხის საფუძველზე გააკეთა.

მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის გენეტიკოსის, მაიუხ მონდალის განცხადებით, მათი თეორია კარგად ემთხვევა ბოლო წლებში დენისოვას მღვიმეში აღოჩენილ ჰიბრიდულ ნიმუშს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აღმოჩენები მეცნიერების ამ დარგში ბოლო წლებში საკმაოდ ხშირი და მნიშვნელოვანია.

შარშან, მკვლევართა სხვა ჯგუფმა იპოვა მტკიცებულება დენისოვიანებსა და ნეანდერტალებს შორის შეჯვარების შესახებ.

საკვლევი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ამ სახის ხელოვნური ინტელექტის ანალიზები ერთმნიშვნელოვნად ახალი ტექნოლოგიაა ადამიანთა წინაპრების კვლევის დარგში.

როგორც კვლევა იუწყება, ჯგუფის აღმოჩენა კარგად ხსნის დიდი ხნის წინ დავიწყებული ინტროგრესიის პროცესს (გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა სახეობებს შორის შეჯვარების შედეგად). ამავე დროს სასიამოვნოა, რომ გვაცნობს ჩვენს ამ დრომდე უცნობ წინაპრებს, ვისგანაც ჩვენ ყველა მოვდივართ.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.