ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი - ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ამ ეტაპზე კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პაციენტია მოყვანილი. ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩაუტარდა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ჯერ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იმყოფება. არანაირად არ ველოდებით მისი მდგომარეობის დამძიმებას“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუსთან“ აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია. დაშავებულები ხეჩინაშვილის, ალადაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.