ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი აცხადებს, რომ ფილარმონიასთან აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია
ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი აცხადებს, რომ ფილარმონიასთან აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ზოგადი ქირურგის, ადამ ადამიანის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.

მისი თქმით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტს სჭირდება დინამიკაში დაკვირვება.

„ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს გულმკერდის პოლიტრავმით, მუცლის ღრუს დახურული ტრავმით, ნაფლეთოვანი ჭრილობებით კისრის და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში. ჩატარდა სათანადო კვლევები. კერძოდ, თავის კომპიუტერიული ტომოგრაფია, მუცლის ღრუსა და გულმკერდის რენტგენოგრაფიები. 20:00 საათზე ჩაუტარდა ოპერაცია – ჭრილობების ქირურგიული დამუშავება, დაზიანებული კუნთების მთლიანობის აღდგენა, სანაცია, დრენირება, ფიქსაცია. მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას, სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია. პაციენტს ჯერჯერობით ესაჭიროება დინამიკაში დაკვირვება. სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე“, – განაცხადა ადამ ადამიანმა.

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუსთან“ აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია. დაშავებულები ხეჩინაშვილის, ალადაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.