რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი - აფეთქებისას დაშავებულს აღენიშნება ჭრილობები და სისხლდენა თხემის არეში
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი - აფეთქებისას დაშავებულს აღენიშნება ჭრილობები და სისხლდენა თხემის არეში

ფილარმონისთან მომხდარი აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმმა, ლევან ფსუტურმა განუცხადა.

„აფეთქების ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია შუახნის მამაკაცი. უჩივის ჭრილობის არსებობას და სისხლდენას თხემის არეში, მარცხენა მხარეს. მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება. ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება. პაციენტს ჩაუტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა“, – განაცხადა ლევან ფსუტურმა.

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუსთან“ აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია. დაშავებულები ხეჩინაშვილის, ალადაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვე კომენტარი