ხავიერ კოლომინა - მადრიდის სამიტი კარგი შესაძლებლობა იქნება, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და ალიანსის 2008 წლის გადაწყვეტილების მხარდაჭერა
ხავიერ კოლომინა - მადრიდის სამიტი კარგი შესაძლებლობა იქნება, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და ალიანსის 2008 წლის გადაწყვეტილების მხარდაჭერა

მადრიდის სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კარგი შესაძლებლობა იქნება, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და 2008 წელს ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა შეკითხვაზე, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რას უნდა ველოდოთ ნატო-სგან მადრიდის სამიტზე.

ხავიერ კოლომინას თქმით, ღია კარის პოლიტიკა ნატო-ს ძლიერი პოლიტიკაა, რომელიც გაგრძელდება როგორც წარმატებული პოლიტიკა და გააგრძელებენ ძალისხმევას, რომ საქართველომ დახმარება მიიღოს ალიანსისგან.

„ვხედავ, რომ პარტნიორები სწორედ ამას აკეთებენ, კიდევ ერთხელ ძლიერად უჭერენ მხარს პოლიტიკურ თანამშრომლობას და მხარს უჭერენ ასევე მიღებული გადაწყვეტილების პრაქტიკულ განზომილებაში თარგმნას. ღია კარის პოლიტიკა ნატო-ს ძლიერი პოლიტიკაა, რომელიც გაგრძელდება როგორც წარმატებული პოლიტიკა და ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა საქართველომ დახმარება მიიღოს ალიანსისგან“, – განაცხადა კოლომინამ.

კოლომინას განცხადებით, ნატო-ს მადრიდის სამიტი გაზრდის საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისა და პოლიტიკური ჩართულობის დონეს. მისი თქმით, ურთიერთობის დონე, რომელიც არსებობს, პრაქტიკული და პოლიტიკური ჩართულობის მხრივ, არის უდიდესი და ბევრი კუთხით უპრეცედენტო.

ამასთან, მისივე თქმით, მადრიდის სამიტი კიდევ ერთხელ იქნება დადასტურება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების და შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს პრაქტიკული თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი.

„უნიკალური შესაძლებლობები, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობის პროცესში გვაქვს, უნიკალურია სხვა პარტნიორებთან შედარებით. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები მარტში, მეტი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება და ასე შემდეგ. წევრობის პროცესის წინ წასაწევად, ბევრი საკითხია, რომელიც უნდა შესრულდეს. ერთ-ერთი მათგანია, რომ ქვეყანა რეალურად უნდა მოემზადოს წევრობისთვის. საქართველოს სურს იყოს ძალიან ღირებული პარტნიორობის ნაწილი და ჰქონდეს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა, ეს კი მოითხოვს რეფორმების გაგრძელებას იმ მიმართულებებით, რომელიც იდენტიფიცირებული გვაქვს და ამაზე ნატო-ს ბოლო ანგარიშშიც არის საუბარი. ეს საკითხებიც იყო ჩემი საუბრის თემებს შორის საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრისას და მათ იციან, რომ უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული მოთხოვნები. ასე რომ, საქართველომ, უპირველესად, უნდა მოამზადოს და ამის შემდეგ უკვე ნატო-ში იქნება დისკუსია, უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩემი აზრით, მადრიდის სამიტი კიდევ ერთხელ იქნება დადასტურება თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებისა და შესაძლებლობა, გაიზარდოს პრაქტიკული თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი“, – განაცხადა კოლომინამ.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს საკითხს, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადებიან, ამასთან, როდის მოვა დრო საქართველოსთვის და კონკრეტულად რა მიმართულებებზე უნდა იმუშაოს ქვეყანამ, კოლომინამ განაცხადა:

„ფინეთსა და შვედეთზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს მათი გადასაწყვეტია და ამ ქვეყნებში აქტიური დისკუსიაა ამ საკითხზე. რაც შეეხება საქართველოს, ადრეც აღვნიშნე, რომ საქართველომ ნამდვილად უნდა აღადგინოს რეფორმების იმპლემენტაციის გზა, რომელიც ჩემი შეფასებით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაიკარგა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეშფოთება გამოვხატეთ და გადავეცით ხელისუფლებას, შეასრულონ მოთხოვნები მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემისა და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის რეფორმირებასთან დაკავშირებით. ძირითადად, ეს არის ის სამი ელემენტი, რომელიც გავუზიარე საქართველოს ხელისუფლებას. ძალიან ღიად მინდა ვთქვა, რომ მე გულწრფელი ვიყავი ხელისუფლებასთან, მათ ძალიან კონსტრუქციული მიდგომა აქვთ, იციან, რა არის გასაკეთებელი და მე გადავეცი ამ საკითხებზე ალიანსისა და პარტნიორების შეშფოთება. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის იმ ფაქტთან ერთად, რომ საქართველო განაგრძობს იყოს განსაკუთრებული პარტნიორი და დიდი იმედი გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის. თუმცა რასაკვირველია, საქართველოს თუ უნდა, იყოს წინ, აუცილებელია, დაიწყოს რეფორმები ამ სამი მიმართულებით“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.