ხათუნა თოდაძე - კანონის გამკაცრება ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ფასის ზრდას არ გამოიწვევს
სააფთიაქო და რეცეპტის რეფორმამდე სააფთიაქო ნარკომანიის საოცარი ბუმი იყო, არა მხოლოდ პრეკურსორების თვალსაზრისით, რისგანაც ნარკოტიკული საშუალებები მზადდებოდა, არამედ ხდებოდა მავნედ მოხმარება თავად ფსიქოტროპული ნივთიერებებისა, რომლებიც აფთიაქში აბსოლუტურად ურეცეპტოდ, ლეგალურად შეგეძლოთ გეყიდათ, – ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ექიმმა-ნარკოლოგმა, ხათუნა თოდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ მხრივ, რეფორმის შემდეგ ძალიან დიდი წინსვლაა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კანონის გამკაცრებით მოხდება თუ არა ფსიქოტროპული მედიკამენტების ფასის ზრდა და შეექმნებათ თუ არა პრობლემები ადამიანებს, რომლებსაც ასეთი პრეპარატების მიღება პერმანენტულად სჭირდებათ, ხათუნა თოდაძემ განაცხადა, რომ კანონის გამკაცრება ფასის ზრდას არ გამოიწვევს და პაციენტები პრეპარატებს საჭიროებისამებრ მიიღებენ.
გარდა ამისა, როგორც ხათუნა თოდაძემ აღნიშნა, როცა პაციენტმა ექიმისგან წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციით იცის, რომ კონკრეტული ფსიქოტროპული მედიკამენტი სჭირდება, თუ ამ ეტაპზე, რეცეპტი არ აქვს, წამალს ურეცეპტოდ არ უნდა იღებდეს.
„ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღება სჭირდება, ვთქვათ ნევროზული მდგომარეობა აქვს და საკუთარი გამოცდილებით, წინა ჯერზე ექიმისგან გაცემული რეკომენდაციით იცის, რომ ესა თუ ის ფსიქოტროპული წამალი ეხმარება, დღეს შეუძლია, ფსიქოტროპულ აფთიაქში მივიდეს და წამალი ურეცეპტოდ მიიღოს, რაც არასწორია. შესაძლოა, ექიმის მიერ დანიშნული ესა თუ ის წამალი პაციენტს ერთი წლის წინ ესაჭიროებოდა, მაგრამ ახლა სხვა სჭირდება“, – განაცხადა ხათუნა თოდაძემ.