რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა
რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონიძიებების შედეგად, ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისისა და ბათუმის აფთიაქებში, სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. მათ შორის, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, ხუთ აფთიაქში სპეციალური რეცეპტის გარეშე, შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით ექვსი შემთხვევაში კი გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის ნებართვის გარეშე.

როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი გუნცაძე აღნიშნავს, უწყება წამლის სფეროში არსებული დარღვევების გამოვლენას და მასზე რეაგირებას პერმანენტულად ახორციელებს.

„მხოლოდ სექტემბერში, თბილისსა და ბათუმში, სააგენტომ გამოავლინა 11 აფთიაქი, სადაც ადგილი ჰქონდა ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას. გატარებული ღონისძიებების შედეგად, აფთიაქების უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია და კონფისკაციას დაექვემდებარა 5 766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება“, – განაცხადა გიორგი გუნცაძემ.

ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ასევე გამოვინდა სანებართვო პირობების დარღვევის სამი და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის 11 ფაქტი. ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა.