ხათუნა სამნიძე - ხელიდან გავუშვით სერიოზული შანსი, ამ პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას
ხათუნა სამნიძე - ხელიდან გავუშვით სერიოზული შანსი, ამ პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, რადგან სერიოზული შანსი გაუშვეს ხელიდან.

სამნიძის თქმით, ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებდით ოპოზიციური პარტიები, რათა ხელისუფლებისთვის შეგვეთავაზებინა სხვადასხვა ვარიანტი, ვერსიები, კომპრომისული ვერსიებიც იმისთვის, რომ მიგვეღწია შეთანხმებისთვის, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული შანსი, რომელიც გავუშვით ხელიდან.

ჩვენი კონფლიქტის მოგვარების ასეთ რანგში, ასეთ ფორმატში გადატანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მედიატორის ჩართულობა გვაძლევდა იმედს, ხელისუფლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ამ პროცესს. სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის, არ არის მზად იმისთვის, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით ყველა ეთერში, საჯაროდ, დახურულ კარს მიღმა შეხვედრებში, რომ თუ პატიმრები დარჩებიან საპატიმროში, არ იქნება სივრცე სხვა საკითხებზე მოლაპარაკებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვილაპარაკეთ ყველა სხვა საკითხზე, იყო სამი პუნქტი, რომელიც შემოგვთავაზა მედიატორმა. სამი პუნქტი იყო სრულად მისაღები მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის, დანარჩენ ორზე გვსურდა, რომ გაგვეგრძელებინა საუბარი, თუმცა კითხვა დაისვა, „ქართული ოცნება“ არც ერთ პუნქტზე, რომელიც არის ამ დოკუმენტში შეტანილი, არ იყო მზად, წინასწარ გაეცხადებინა, რომ თანახმაა და მზად არის, ილაპარაკოს სხვა საკითხებზე“, – განაცხადა სამნიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„თქვენ მოუსმინეთ მედიატორს, მან თქვა, რომ მის შემოთავაზებულ დოკუმენტზე ვერ მოხდა შეთანხმება, მაგრამ ამ პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა  ეკისრება ხელისუფლებას. ნებისმიერი ასეთი ტიპის დაპირისპირებაზე, კონფლიქტზე ქვეყანაში, კრიზისზე ძირითადი პასუხისმგებლობა არის ყოველთვის ხელისუფლებაზე და ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ხელისუფლება იყო მზად შეთანხმების მისაღწევად.

ყველა რაუნდის შემდეგ ყოველთვის ბოდიშს ვიხდიდით, რომ ჩვენ არ შეგვეძლო დეტალებზე საუბარი, დღეს უკვე დოკუმენტი არის ღია და ვფიქრობ, ამ დოკუმენტის ირგვლივ კიდევ გაგრძელდება შეკითხვები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.