ხათუნა სამნიძე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებით კრემაციის სერვისის დარეგულირებას ითხოვს
ხათუნა სამნიძე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებით კრემაციის სერვისის დარეგულირებას ითხოვს

კრემაციის სერვისი კანონმდებლობით არ რეგულირდება. გადავწყვიტე, კანონში ცვლილებით დარეგულირებულიყო ეს საკითხი და ქვეყანაში, ვისაც სურს, გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის კრემაცია მოხდეს, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს, იყოს არჩევანის თავისუფლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და ელოდება, რომ ამის შესაძლებლობა ქვეყანაში იყოს.

„ჩვენს ქვეყანაში არსებობს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალში კრემაცია, როგორც ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, თუ ვინმე დაინტერესდება, მიიღოს კრემაციის სერვისი, ამის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან არ არის დარეგულირებული კანონმდებლობა. საკითხის შესწავლის შემდეგ გადავწყვიტე, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ცვლილებით დარეგულირებულიყო ეს საკითხი და ქვეყანაში, ვისაც სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის კრემაცია მოხდეს (იარსებოს კრემაციის სერვისმა), ამის შესაძლებლობა ჰქონდეს და იყოს არჩევანის თავისუფლება. ეს საკითხი ეხება არჩევანის თავისუფლებას, განვკარგოთ საკუთარი სხეული გარდაცვალების შემდეგ. არიან ადამიანები – და ცოტა არა – ვისაც ეს საკითხი აინტერესებს და ელოდება, რომ ამის შესაძლებლობა ამ ქვეყანაში იყოს.

ეს არ არის დღევანდელი საკითხი, ან ხვალ გადასაწყვეტი საკითხი. კანონმდებლობით დარეგულირების შემდეგ ეს უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება, როდის შეიმუშაოს ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხები. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებული იქნება იმასთან, რამდენად იქნება მოთხოვნა ქვეყანაში, რომ ბიზნესი დაინტერესდეს ამ საკითხში ინვესტირებით“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.