ხათუნა სამნიძე - ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა-არშესვლას, დაფინანსება ხმების მიხედვითაა
ხათუნა სამნიძე - ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა-არშესვლას, დაფინანსება ხმების მიხედვითაა

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი სამართლებრივ მუქარად აფასებს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტს, ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ უნდა მიიღონ.

სამნიძე სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „ნაცმოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილების შესახებ.

„ძალიან ვწუხვარ, რომ იურიდიული კვალიფიკაციის მქონე ადამიანი, ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს, რომ თურმე, ვიღაცის ხმა ვიღაცაზე უნდა გადანაწილდეს.

რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს, ეს არის კიდევ ერთი ძალადობა, კიდევ ერთი მუქარა, რომელიც ისმის ხელისუფლებისგან, ისინი ისევ და ისევ, ვერ აცნობიერებენ, რომ ოპოზიციური ერთობა და ოპოზიციის გადაწყვეტილება არ უკავშირდება იმას, რომ ახლა, ამ თემით გვესმოდეს მუქარა და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება. ჯერ შეიკრიბოს პარლამენტი და მერე მოვისმენთ მუქარებსაც“, – განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, დაფინანსება არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა-არშესვლას, არამედ – ხმების მიხედვითაა.

„ხმების გადანაწილების ნაწილი სასაცილოა, რაც ისმის „ქართული ოცნებისგან“. დაფინანსებას რაც შეეხება, ეს არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა არ შესვლას, ხმების მიხედვითაა დაფინანსება, ამიტომ, არც ბერკეტი არ აქვთ. ეს არის ქართული ოცნების მხრიდან კიდევ ერთი მუქარის, ძალადობის რაუნდი, რომ ამ თემით მოახერხოს ახლა განხეთქილების შეტანა ოპოზიციურ პარტიებში. ეს არის სასაცილო ამ ეტაპზე, რადგან გადწყვეტილება არის ერთობლივი და ეს უკავშირდება პოლიტიკას და მიტაცებულ არჩევნებს. ეს არის პრობლემა დღეს ქვეყანაში, რომ არჩევნები გაყალბდა ისე მასშტაბურად და მასობრივად და იმდენად მძიმეა დღეს „ქართული ოცნების“ მდგომარეობა, რომ ისინი ოლქებშიც კი ვერ ბედავენ გადათვლას, რასაც ითხოვენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და კონკრეტული საჩივრები და სარჩელებიც არსებობს. სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც ვხედავთ, რა დონეზეა დღეს „ქართული ოცნება“, რამდენად ეშინია მას გადაითვალოს ხმები და ყველამ ვნახოთ, რა ვითარებაა საარჩევნო ყუთებში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დაფინანსებაზე საუბარი არის „ქართული ოცნებიდან“ მორიგი ძალადობისა და მუქარის რაუნდი, რომელიც ისევ გამოყენებულია იმისთვის, რომ მათი აზრით, შეაშინონ ოპოზიციური პარტიები“, – განაცხადა სამნიძემ.