ხათუნა მაღლაკელიძე - ლევან დადუნაშვილის დედა ექვსი თვეა მდუმარედ ისმენს სასამართლო პროცესებს, მაგრამ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნამ მისი გაღიზიანება გამოიწვია
ლევან დადუნაშვილის დედას კომენტარი არც ერთი პროცესის შემდეგ არ გაუკეთებია, ეს ადამიანი ექვსი თვის განმავლობაში ზის და მდუმარედ ისმენს იმ ყველაფერს, რაც სასამართლო პროცესზე მიმდინარეობს, მაგრამ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნამ მისი გაღიზიანება გამოიწვია, – ამის შესახებ მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუ ამ დასკვნის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი დადგება, ქალბატონ ნათიას ბუნებრივია, ექნება ლეგიტიმური კითხვა, რომ თუ დამნაშავე არ არის ის პირი, რომელიც ბრალდებულის სკამზე ზის, მაშინ ვინ ჩაიდინა მისი შვილის მკვლელობა?!“, – განაცხადა მაღლაკელიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის მიუღებელი ექსპერტიზის ალტერნატიულ დასკვნაში, ადვოკატმა განაცხადა, რომ როცა სრულყოფილად კვლევის შესაძლებლობა არ არსებობს, არ შეიძლება, დასკვნა კატეგორიული იყოს.
„ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილს შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდაცვლილთა სხეულები დაეთვალიერებინა და ჭრილობები ენახა; მან არ გამოიყენა შესაძლებლობა, შეემოწმებინა კანის ნიმუშები, რომელიც სამხარაულის ექსპერტების მიერ იყო აღებული; ქალბატონმა მაიამ მხოლოდ სასამართლო პროცესზე ნახა ფერადი ფოტო, რაზეც ჭრილობების მითითებით გარდაცვლილთა სხეულები იყო ასახული; არ ჩაუტარებიათ საგამოძიებო ექსპერიმენტი და მხოლოდ ტანსაცმლის კვლევის საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, გამოერიცხათ ის, რომ ლევანის სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში და დავითის სასიკვდილო ჭრილობა არტერიის არეში ამ დანებით კი არა, საერთოდ დანებითაა მიყენებული. ცუდი ეს იყო და პროტესტი ამან გამოიწვია და არა იმან, რომ ქალბატონ მაიას ამ საქმეზე რამე მიკერძოებულობა აქვს“, – განაცხადა მაღლაკელიძემ.
მისი თქმით, ლევან დადუნაშვილის დედას კონკრეტულად მაია ნიკოლეიშვილთან პრეტენზია არ ჰქონია.
„მისი გაღიზიანების მიზეზი ის გახდა, ბრალდებულთა ადვოკატები რომ ზარ-ზეიმით გამოდიან და აცხადებენ, რომ საქმე თავდაყირა დადგა და თურმე, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დამნაშავეები არ არიან. მათ განაცხადეს, რომ გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან, მაგრამ მე ამას ნამდვილად არ ველოდები, რადგან საქმეში ბევრი სხვა მტკიცებულებაა, რომელიც ამ პირთა ბრალეულობაზე მიუთითებს. ქალბატონი ნათიას გაღიზიანების მიზეზი ის იყო, რომ პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, პასუხისმგებლობას ვერ უნდა გაექცნენ“, – განაცხადა მაღლაკელიძემ.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ლევან დადუნაშვილის დედა აცხადებს, რომ მან ზუსტად იცის, რა იარაღით არის მოკლული მისი შვილი და რა დაზიანებები ჰქონდა მას, რადგან მედიცინასთან შეხება აქვს და მან ეს საავადმყოფოში ყოფნის პერიოდშიც იცოდა.
„მან განაცხადა, რომ თუ სასამართლოს ვერსია და პროკურატურის საბოლოო ვერსია მის ვერსიასთან კავშირში არ იქნებოდა, მას კითხვები ამ კონტექსტიდან გამომდინარე გაუჩნდებოდა“, – განაცხადა მაღლაკელიძემ.