ხათუნა ხოფერია - ეს არის პოლიტიკური პროვოკაცია, უნდა მოვითხოვოთ დამკვეთის გამოვლენა
მოვითხოვოთ დამკვეთის გამოვლენა, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას სერიოზული ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა, – ამის შესახებ ორი მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერიამ „რუსთავი 2“-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„მინდა, გითხრათ ერთი რამ – ჩვენ აქ არ მოვსულვართ მარტო გაბუნიას დასასჯელად. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დამკვეთი. ეს არის ტიპური პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა. ეს არის პოლიტიკური პროვოკაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს სისხლისღვრა. ჩვენ ვითხოვთ დამკვეთს. მეორე, რაც მინდა, გითხრათ – ყველაზე უფრო საშინელი, რაც მე განვიცადე ამ წუთებში, არის ის ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი, მძევლად ჩატოვებული რუსეთში, რომელსაც ხვალ დილით ქუჩაში გასვლის ეშინია. აი, რა გააკეთეს ამათმა. სასიკვდილოდ გასწირეს ჩვენი თანამემამულეები. ამავე დროს, ეს არის სამოქალაქო აქცია, მაგრამ ყოველთვის ასე იყო, რომ ასეთი აქციების დროს წინა ხაზზე იდგნენ ის ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ წინა ხაზზე დგომა“, – აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.
მან მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქციაზე მივიდნენ.
„ქართული ოცნების“, მმართველი ძალის პოლიტიკოსებო, პარლამენტარებო, თქვენი თავი მართლა ხელისუფლებაში ხომ არ გგონიათ? ადექით, აწიეთ ერთი ადგილები, მოდით აქ და დადექით წინა ხაზზე. აქ მარტო ჩვენი შვილები არ უნდა იდგნენ. თქვენ ვალდებულნი ხართ, აქ დღეს წყდება პოლიტიკა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც ჯერაც პოლიტიკური განცხადება არ გაკეთებულა. მოვითხოვოთ დამკვეთის გამოვლენა, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას სერიოზული ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.