ხატია დეკანოიძე - 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ შესრულებულა, რაც ძალიან კარგად იციან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ შესრულებულა და საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა ეს ძალიან კარგად იციან.
„მათ შორის, როდესაც გიორგი რურუა, როგორც პოლიტპატიმარი, არის კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ახალი საქმეების გამოფენა დაიწყეს.
საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის, რომ ბიძინა ივანიშვილს გამოვგლიჯეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ 8 მარტის შეთანხმება არ არის შეთანხმებული. წინასაარჩევნო პერიოდი არის ძალიან მძიმე, რაზეც გაფრთხილება უკვე არაერთხელ მიიღო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულ კანონპროექტს, დეკანოიძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი და ზოგადად, სენატის დამოკიდებულება ასახავს ზუსტად იმ რეალობას, როგორშიც საქართველო იმყოფება.
„როგორც ელჩი ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია ის დოკუმენტი, რომელიც უკვე არის დარეგისტრირებული. ეს დოკუმენტი და ზოგადად სენატის დამოკიდებულება ასახავს ზუსტად იმ მდგომარეობას და იმ რეალობას, როგორშიც არის საქართველო. როდესაც საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ საქართველოში არსებულ რეჟიმს და არაერთი განცხადება მოვისმინეთ, ეს, რასაკვირველია, ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ევროატლანტილურ სივრცეში გაერთიანებისთვის. ვეთანხმები ელჩს, კონგრესის და სენატის განცხადებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. გაიყინა დახმარებების ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, ხატია დეკანოიძემ შეაფასა კელი დეგნანის განცხადება ეპიდემიის მიმართულებითაც და აღნიშნა, რომ მას ელჩისგან განსხვავებული აზრი აქვს.
კერძოდ, დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ნაწილში ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები ვერ გადადგა.
„თავისთავად, რომ არ არის ბევრი ინფიცირებული, ეს არის ყველასთვის კარგი, მაგრამ შეიძლება განსხვავებული მოსაზრება მქონდეს, ეკონომიკის ნაწილში ნამდვილად ვერ გადადგა ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები, მათ შორის დღემდე ჩაკეტილია საზღვრები. თუ ვერ ხსნიან საზღვრებს, ვერ უშვებენ ტურისტებს, რა აზრი აქვს რაიმე ტიპის მიღწევებზე საუბარს. ყველაფერი შემოდგომაზე აისახება ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული და პრინციპული პოზიცია უკავია, თუმცა ახლა, როცა წინასაარჩევნოდ საკმაოდ მცირე დრო რჩება, მნიშვნელოვანია, თითოეულმა პარტიამ დაიწყოს კამპანია“.
ამასთან, დეგნანმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სურათს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ, რადგან ერთი მხრივ, საუბარია დახმარების 15 პროცენტის შეჩერებაზე, თუმცა საქართველოსთვის გამოყოფილია 135 მილიონი დოლარი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა.
„ბათუმელებთან“ ინტერვიუში დეგნანმა ისაუბრა პანდემიასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მკაცრმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა წარმატება გამოწვევასთან ბრძოლაში, რაც არის ნიშანი, რომ საქართველოს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგული ლიდერები ჰყავს.