კელი დეგნანი - მკაცრმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა წარმატება გამოწვევასთან ბრძოლაში, რაც არის ნიშანი, რომ საქართველოს ჰყავს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგული ლიდერები
კელი დეგნანი - მკაცრმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა წარმატება გამოწვევასთან ბრძოლაში, რაც არის ნიშანი, რომ საქართველოს ჰყავს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგული ლიდერები

ადრეულ ეტაპზე მკაცრმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა წარმატება გამოწვევასთან ბრძოლაში, რაც არის ნიშანი, რომ საქართველოს ჰყავს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგული ლიდერები, როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკური აღდგენის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მესამე სექტორის შეფასებითაც, საქართველოს ხელისუფლების არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია. თქვენ მას შეხვდით. თქვენი აზრით, რამდენად აინტერესებს მას დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში და აქამდე თუ განხილულა მის მიმართ რაიმე სახის სანქციების ამოქმედება აშშ-ში?“.

ელჩის თქმით, პანდემიის პერიოდში კარგად გამოჩნდა, საქართველოში როგორ ეფექტიანად მართეს უპრეცედენტო საგანგებო ვითარება, რისთვისაც არც ერთი ქვეყანა არ იყო მზად.

„ეს შეკითხვა ალბათ თავად ბატონ ივანიშვილს უნდა დაუსვათ. მას იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ მის ნაცვლად გაგცეთ პასუხი. თუმცა, მინდა, გითხრათ მინისტრთა კაბინეტისა და  მინისტრების შესახებ, ვისაც მე შევხვდი – მათ ნამდვილად გამოიჩინეს საქართველოს მიმართ ერთგულება. პანდემიის პერიოდში კარგად ვნახეთ, როგორ ეფექტურად მართეს უპრეცედენტო საგანგებო სიტუაცია, რისთვისაც არც ერთი ქვეყანა არ იყო მზად. არავინ იცოდა, რა იყო სწორი, რა უნდა გაეკეთებინათ. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ჩემმა ქვეყანამაც, სხვა მიდგომა აირჩია. თუმცა ვნახეთ, რომ საქართველოს მიერ ადრეულ ეტაპზე მიღებულმა მკაცრმა გადაწყვეტილებებმა მოიტანა წარმატება ამ გამოწვევასთან ბრძოლაში. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ გყავთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესების ერთგული ლიდერები, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური აღდგენის კუთხით.

ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ერთობა, გაერთიანება, რათა ეს გამოწვევა ერთობლივად გადაილახოს. მოხარული ვარ, რომ ჩემი ვიზიტის განმავლობაში სვანეთსა და ბათუმში ბევრი ქართველი ვიხილე, ვინც სტუმრობს საკუთარი ქვეყნის რეგიონებს და ამით მხარს უჭერს მცირე, თუ დიდ სასტუმროებსა და რესტორნებს ამ რთული პერიოდის გადალახვაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, კელი დეგნანმა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„20 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ერთგულება დემოკრატიული განვითარების მიმართ, მაღალი მოლოდინები, საგრძნობი პროგრესი და წარმატება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და უფრო მეტი გაკეთდეს განსაკუთრებით ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, როგორიცაა მედია, სამოქალაქო საზოგადოება, რაც ასე მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. ოქტომბერის არჩევნები არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შანსი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას და, რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველს აჩვენოს დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულება. აჩვენოს, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა და  ჯანსაღი, დაბალანსებული დემოკრატიის ერთგულია. ეს გაზრდის მოსახლეობის ნდობას სახელმწიფოს მიმართ.

თქვენი შეკითხვა მიმართული იყო „ქართულ ოცნებაზე“, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ  ოპოზიციაშიც არის საქმის ერთგული ხალხი, ვისთანაც შეხება მქონია სამუშაო პროცესში. ერთი მხრივ მმართველი პარტია, რომელიც ერთგულია ქვეყნის წარმატების, დემოკრატიული განვითარების და მეორე მხრივ ოპოზიცია, რომელიც შეიძლება სხვა პოზიციებიდან, მაგრამ მხარს უჭერს ქვეყნის განვითარების მიზნებს, ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს მნიშვნელოვანია, რათა საქართველო იყოს წარმატებული ევროპული ქვეყანა: უსაფრთხო, სტაბილური როგორც საზღვრებით, ასევე ეკონომიკით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

გარდა ამისა, კელი დეგნანის თქმით, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, პარტიებმა დიალოგის პროცესში კომპრომისის საფუძველზე საკმაოდ რთულ პრობლემებზე მუშაობა მოახერხეს, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„იმედი მაქვს, ამის უფრო მეტ მაგალითს ვიხილავთ მომავალში, გახდება რა პარლამენტი უფრო პლურალისტური, სადაც უფრო მეტი ხმა და ინტერესი იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, პროცესიც გახდება უფრო ცოცხალი, შეიძლება, ხანდახან დაძაბულიც, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია დაბალანსებული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.