კელი დეგნანი - ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ შესრულებულა და პრინციპული პოზიცია უკავია, ახლა მნიშვნელოვანია, თითოეულმა პარტიამ დაიწყოს საარჩევნო კამპანია
კელი დეგნანი - ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ შესრულებულა და პრინციპული პოზიცია უკავია, ახლა მნიშვნელოვანია, თითოეულმა პარტიამ დაიწყოს საარჩევნო კამპანია

ზოგიერთი  ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული და პრინციპული პოზიცია უკავია ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ახლა, როცა წინასაარჩევნოდ რჩება საკმაოდ მცირე დრო, მნიშვნელოვანია, თითოეულმა პარტიამ დაიწყოს კამპანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით, ელჩმა უპასუხა კითხვას: „საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემას ცვლის საქართველოში. 8 მარტის შეთანხმების საკითხი ამოწურულია, თუ რჩება გიორგი რურუას გათავისუფლების თემა?“.

ამასთან, დეგნანმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების თაობაზე და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს უნდა აუხსნან, რას ნიშნავს ახალი საარჩევნო კოდექსი და რა იცვლება.

ელჩის შეფასებით, გასათვალისწინებელია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ვითარებაც.

„ამ შემთხვევაში, ალბათ, ჩემი აზრი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ეს იმ პარტიების გადასაწყვეტია, რომლებიც თავად არიან ხელშეკრულების მხარეები. ვიცით, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა – ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ ბოლომდე არ არის შესრულებული და პრინციპული პოზიცია უკავია ამასთან  დაკავშირებით. ვფიქრობ, ახლა, როცა წინასაარჩევნოდ რჩება საკმაოდ მცირე დრო, მნიშვნელოვანია, თითოეულმა პარტიამ დაიწყოს კამპანია – საზოგადოებას წარუდგინოს, აუხსნას თავისი პლატფორმა, თუ პროგრამა, ის თუ, რატომ უნდა მისცენ ხმა ამა თუ იმ პარტიას.

მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიას. მოსახლეობას უნდა აუხსნან, რას ნიშნავს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რა შეიცვლება ამ ცვლილებებით, რას ნიშნავს ახალი საარჩევნო კოდექსი.

როდესაც ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთთან, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია.  ამასთან, გასათვალისწინებელია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ვითარება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ მისცეს ხმა უსაფრთხოდ „კოვიდ19“-ის პირობებში – კოვიდის გამო ამომრჩეველმა არ უნდა დაკარგოს არჩევნებზე წასვლის სურვილი“, – განაცხადა დეგნანმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი