ხაშურში, სოფელ ცედანთან ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
„ეს იყო ტყის ხანძრების ისტორიაში პირველი ტყის ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც ასე სწრაფად მოხდა. ეს ძირითადად განპირობებული იყო ორი ფაქტორით, პირველი, ახალი ტექნიკისა და მეხანძრეების ერთობლივი, ძალიან ეფექტური მუშაობა, მართლა ძალიან მაგრად იმუშავეს მეხანძრეებმა და მადლობა მათ ამისთვის. მეორე – ყველა სახელმწიფო უწყების ძალიან ეფექტური კოორდინაცია. ძალიან აქტიურად იყო ჩართული შსს, თვითმმართველობის ტექნიკა და გუბერნატორის სამსახური, ასევე ძალიან დიდია მეტყევეების როლიც“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ეს ფაქტორი არის იმედისმომცემი, რომ ის შესყიდვები, რომელიც მთავრობამ განახორციელა, ბორჯომის ტყის ხანძრების მსგავსი სტიქიის გამეორების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს.
„ჩვენ მოქალაქეებს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ბორჯომის მასშტაბის ხანძრების გამეორების რისკი არის პრაქტიკულად მინიმალური, რადგან სხვადასხვა სამსახურის ეფექტურობა ტყის ხანძრებთან დაკავშირებით გაზრდილია მაქსიმალურად“, – ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად ცეცხლის ლიკვიდაციისა, მონიტორინგისთვის ადგილზე ჯგუფები მაინც დარჩებიან, თუმცა სიტუაციის გართულების ალბათობა არ არსებობს.
შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხანძრის ქრობის პროცესში იყო ჩართული.
„სწორედ ასეთი ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხერხდა უმოკლეს დროში ხანძრის ლიკვიდაცია,“ – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
სტიქიის ზონაში 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა მუშაობდა. მათ შორის არის ექვსი ახალი ტყის მანქანა, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გასულ კვირას შეიძინა.