ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძრის ჩასაქრობად ტყის სპეციალური სახანძრო მანქანებია მობილიზებული
ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძრის ჩასაქრობად ტყის სპეციალური სახანძრო მანქანებია მობილიზებული, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
ამასთან, ადგილზე იმყოფება 100 მეხანძრე-მაშველი და 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთლოვანი ტყის საფარი იწვის.
როგორც 1Tv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.
მათი ცნობით, ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.
„მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.
ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით
ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.