ხარაგაულში 28 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ხარაგაულში 28 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ხარაგაულში 28 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა იყოს. გარდაცვლილის და, ნატო კვირიკაშვილი პირველ არხთან ამბობს, რომ მისი ძმები ჯართს აგროვებდნენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს. პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ კი, გარდაცვლილის დის განცხადებით, ამირან კვირიკაშვილმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ან პოლიციელებს მოკლავდა ან თავს მოიკლავდა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ სამართალდამცველები მისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ, მამაკაცმა კი ზეწოლას ვერ გაუძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.