ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხემაღალსა და ბაზალეთში მტაცებელმა მოსახლეობას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაუნადგურა. მოსახლეობა ამბობს, რომ მგელი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიდის, მაგრამ ადგილობრივები ზომების მიღებას ვერ ახერხებენ, რადგან ცხოველის მოკვლის შემთხვევაში, სასჯელის ეშინიათ.
ბაზალეთის თემის მაჟორიტარის, ვალერი ჭიპაშვილის თქმით, მგლების შემოსევა თუ გაგრძელდა, ხარაგაულის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას საფრთხე ემუქრება.
„აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ გარემოს დაცვის სამინისტროსგან რეაგირება, რადგან მგლის თავდასხმები უკვე ძალიან გახშირდა. მგელი, ფაქტობრივად, უკვე ეზოებში შევიდა. თუ ასე გაგრძელდა, ისედაც დაცლილ სოფლებში მოსახლეობას ცხოვრება ძალიან გაუჭირდება. კანონი გვაძლევს უფლებას, მგელი თავდასხმის მომენტში გავანადგუროთ. მე შუამდგომლობას დავაყენებ მერიის წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს და მათ რეაგირებას დაველოდები”, – ამბობს ჭიპაშვილი.