საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული თბილისის მთავარ სინაგოგაში მიულოცა, სადაც დღეს ხანუქას სანთელი აანთო. ღონისძიებას საქართველოში ისრაელის ელჩი შაფთაი ცური, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსი, რაბინები და ებრაული თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილებს ვიდეოზარის მეშვეობით იერუსალიმიდან მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის მთავრობის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხანუქას დღესასწაული მიულოცა.
ხანუქას დღესასწაული 8 დღის განმავლობაში აღინიშნება. ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად ანთებენ. ეს სინათლის სიბნელეზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწაულად ითვლება.