შაფთაი ცური - როგორც ხანუქაში ხდება სასწაული, ისე აღდგა ჩვენი სახელწიფო, აღდგა ჩვენი დედაქალაქი
შაფთაი ცური - როგორც ხანუქაში ხდება სასწაული, ისე აღდგა ჩვენი სახელწიფო, აღდგა ჩვენი დედაქალაქი

როგორც ხანუქაში ხდება სასწაული, ისე მოხდა სასწაული და აღდგა სახელწიფო, აღდგა ჩვენი დედაქალაქი – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა შაფთაი ცურმა თბილისის მთავარ სინაგოგაში, ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„წელს არის გამორჩეული ხანუქის დღესასწაული, რადგან, როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა იერუსალიმი ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად. ჯერ კიდევ 70 წლის წინ, როდესაც ისრაელის სახელმწიფო ჩამოყალიბდა, იმ დღიდან არის ჩვენი დედაქალაქი იერუსალიმი. ყოველი ებრაელი ათასობით წლის განმავლობაში დღე და ღამე გაიძახოდა – „მომავალი წელი იერუშალაიმში“ და როგორც ხანუქაში ხდება სასწაული, ისე მოხდა სასწაული და აღდგა სახელწიფო, აღდგა ჩვენი დედაქალაქი.

დიდი მადლობა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მე მწამს, რომ მომავალი ექვსი თვის განმავლობაში არა მარტო ამერიკის საელჩო გადავა თელავივიდან იერუსალიმში, არამედ ამას მიყვებიან სხვა სახელმწიფოები“ – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა.

მისივე თქმით, წელს ხანუქის დღესასწაულზე მოწვეული იყო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც აანთო პირველი სანთელი, ასევე, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები, ელჩები, რაბინების 60-კაციანი დელეგაცია ისრაელიდან და პირველად მოხდა პირდაპირი ჩართვა ისრაელის სახელმწიფოდან, საიდანაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იქ შეკრებილებს მიესალმა.