ხანუქას დღესასწაულის აღსანიშნად თბილისის მთავარ სინაგოგაში ღონისძიება გაიმართა
ხანუქას დღესასწაულის აღსანიშნად თბილისის მთავარ სინაგოგაში ღონისძიება გაიმართა

ხანუქას დღესასწაულის აღსანიშნად დღეს თბილისის მთავარ სინაგოგაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, თბილისის მერი კახი კალაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება დაესწრნენ.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აღნიშნავენ, ხანუქა უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია იუდეველთათვის, რომელსაც რვა დღის განმავლობაში (29 ნოემბერი – 6 დეკემბერი) აღნიშნავენ, როგორც განახლებისა და კურთხევის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს. იგი ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში, მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის განწმენდასა და სატაძრო მსახურების განახლებას უკავშირდება. ისრაელსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ებრაელებთან ერთად, ხანუქას ქართველი ებრაელებიც განსაკუთრებულად ზეიმობენ.

დღესასწაულზე შეკრებილთ მიესალმნენ და ხანუქა მიულოცეს თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარემ მერაბ ჩანჩალაშვილმა, საქართველოს ებრაელთა მთავარმა რაბინმა, იაკობ გაგულაშვილმა და რაბინმა რახამინ მურდუხაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ქართველ ებრაელებს, ისრაელში დაბრუნებულ თანამოძმეებსა და მთელ ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა.

„ხანუქა რწმენისა და განახლების, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების, სიკეთის დღესასწაულია. დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ, ჩვენს საყვარელ, ძვირფას ებრაელ თემთან ერთად ყოფნა და დღევანდელი დღესასწაულის აღნიშვნა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და სიმბოლურად, ხანუქას პირველი სანთელი აანთო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია არის 26-საუკუნოვანი ძმობა, რომლის ანალოგიც არ მოიძებნება.