თეა ახვლედიანი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს
თეა ახვლედიანი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით ებრაულ საზოგადოებას ვულოცავ ხანუქას ბრწყინვალე დღესასწაულს!

ხანუქა, რომელიც განწმენდისა და ტრადიციების განახლების, მომავლის რწმენისა და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოა, თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს წარმატების, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი!

ქართველ და ებრაელ ხალხს ერთმანეთთან 26-საუკუნოვანი მეგობრული და ჰარმონიული თანაცხოვრება გვაკავშირებს. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ჩვენს თანამოქალაქე ებრაელებს თავისი წვლილი შეჰქონდათ ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ქმნიდნენ და ამდიდრებდნენ ჩვენს კულტურულ მრავალფეროვნებას – ჩვენი სიამაყისა და სიძლიერის წყაროს.

დარწმუნებული ვარ, ​ურთიერთპატივისცემასა და დაფასებაზე დამყარებული ეს მრავალსაუკუნოვანი, უნიკალური ურთიერთობები, რაც დღეს სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, თანასწორობისა და კულტურული იდენტობის დაცვის პრინციპებით არის გამყარებული, კიდევ უფრო გაძლიერდება და ერთობლივი ძალისხმევით   განმტკიცდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ.

გილოცავთ ხანუქას კვირის დაწყებას! თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმტკიცეს, სინათლითა და სიკეთით აღსავსე ცხოვრებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!“, – ნათქვამია თეა ახვლედიანის მილოცვაში.

ხანუქას, ანუ ოქროს მენორის დღესასწაულს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნიდან იღებს სათავეს, ებრაელები ნოემბერ-დეკემბერში ზეიმობენ. იგი ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა. დღესასწაული რვა დღის განმავლობაში გრძელდება და ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) თითო სანთელი ინთება.