ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობის აღსადგენად სიღნაღის მერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან კონსულტაციებს გამართვას
სიღნაღში, ისტორიულ უბანში ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობის აღსადგენად სიღნაღის მერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.
როგორც საქართველოს პირველ არხს სიღნაღის მერმა, გოგი გოგილაშვილმა განუცხადა, ხანძრის შედეგად დამწვარი შენობა 18-ე საუკუნეშია აშენებული.
„ეს შენობა 18-ე საუკუნეშია აგებული და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. სამწუხაროა, რომ ამ ისტორიული უბანში ხანძრის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ძველი შენობებია და ცეცხლი ხმელ ხის მასალას უცებ ეკიდება. ეს შენობა ქალაქის ღირსშესანიშნაობის ნაწილია და აუცილებლად უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა სიღნაღის მერმა.
სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში მოთავსებული ოთხი ობიექტი ხანძრისგან სრულად განადგურდა, მათ შორის სასტუმრო, რესტორანი, ერთი მარკეტი და ღვინის მაღაზია, რომელიც ერთი გადახურვის ქვეშ მდებარეობდა.
ხანძრის ლოკალიზებაზე ცხრა სახანძრო მანქანა მუშაობდა, ამ დრომდე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.