ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ.
დღევანდელ პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარდგებიან, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.
საქმეზე ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დაცვის მხარეს გამამართლებელი ვერდიქტის იმედი აქვს.
„როგორც მოგეხსენებათ, შემაჯამებელ ფაზაში ვართ. დასკვნითი სიტყვისთვის მზად ვართ როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარე. ახლა უკვე ყველაფერი ნაფიც მსაჯულებზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ისინი ობიექტურ ვერდიქტს მიიღებენ. რაც მთავარია, დაფიქრდებიან გადაწყვეტილების მიღების დროს, გაიაზრებენ იმ ვერსიას, რა ვერსიაც აქვს ბრალდების მხარეს. ჩვენი შეფასებით, სწორედ ეს ვერსია არის ძალიან მისტიური და ილუზიური. ჩვენ ერთადერთი განცდა გვამოძრავებს, რომ ვერდიქტი იქნება კობაურის სასარგებლოდ“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ცნობით, 4 ივლისს ხადას ხეობაში დაღუპული ოჯახის ორი წევრი მოკლული იყო – კაცი და ბავშვი, ხოლო ქალი გაქცევისას ხევში გადავარდა. 9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედება არამხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება. კობაური წინასწარ პატიმრობაშია, ის ბრალს არ აღიარებს.