კერძო სექტორის განვითარების საბჭოს წარმომადგენელი - რეიტინგში საქართველოს წინსვლა კერძო და საჯარო სექტორის ეფექტიანმა დიალოგმა განაპირობა
კერძო სექტორის განვითარების საბჭოს წარმომადგენელი - რეიტინგში საქართველოს წინსვლა კერძო და საჯარო სექტორის ეფექტიანმა დიალოგმა განაპირობა

კერძო სექტორის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ხვედელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს აღიარება ისეთი ინსტიტუტის მხრიდან, როგორიც არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა.

ირმა ხვედელიანი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშს „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი 2020“ გამოეხმაურა, რომლის თანახმად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო უპირობო ლიდერია და ანგარიშის 12-ვე კომპონენტში ლიდერობს.

„ანგარიშში საქართველოს წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ხდება ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა. საქართველომ შეიმუშავა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მეტად სტრატეგიული მიდგომა და განახორციელა ფოკუსირებული მიზნობრივი პროგრამები,“ – განაცხადა ირმა ხვედელიანმა.

მისი თქმით, მეწარმეობის სტიმულირების ისეთმა პროგრამებმა, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“ და სხვა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.

„საქართველოს წინსვლა განპირობებულია საჯარო და კერძო სექტორს შორის ეფექტიანი დიალოგითა და თანამშრომლობით. ამ მიზანს ემსახურება ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო და ქალთა მეწარმეობის განვითარების ქვესაბჭო. აღნიშნულ ფორმატში განიხილება მცირე და საშუალო მეწარმეობასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, გადაიდგა არსებითი ნაბიჯები სხვადასხვა დარგის ბიზნესების წახალისების კუთხით,“ – განაცხადა ირმა ხვედელიანმა.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშში 12 კომპონენტის გარდა, წელს პირველად არის გაანალიზებული, თუმცა ქულების მინიჭების გარეშე, ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: კონკურენცია; კონტრაქტების აღსრულება და დავების ალტერნატიული გადაწყვეტა და ბიზნესის კეთილსინდისიერება.

„დარწმუნებული ვარ, მომდევნო ანგარიშში საქართველოს ამ კომპონენტებშიც გამორჩეულად წარმატებული იქნება,“ – განაცხადა ირმა ხვედელიანმა.