კემლინ ფურლეი - თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის გამო საქართველოში ლტოლვილების რიცხვის ზრდას არ ვვარაუდობ
კემლინ ფურლეი - თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის გამო საქართველოში ლტოლვილების რიცხვის ზრდას არ ვვარაუდობ

თურქეთი და რუსეთი სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ეს სავარაუდოდ შეამსუბუქებს სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების მდგომარეობას, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ.

ვარაუდობენ, რომ იდლიბიდან თურქეთის მიმართულებით მიმავალი იძულებით გადაადგილებული პირების ნაკადიც უნდა შემცირდეს. თუმცა რთულ მდგომარეობაში რჩებიან ის მიგრანტები, რომლებიც იდლიბში ვითარების გაუარესების შემდეგ, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მივიდნენ.

სახელდახელოდ გაშლილ კარვებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. ამ ადამიანებს ევროკავშირის საზღვრებისკენ გზა თურქეთმა გაუხსნა, რადგან ხელისუფლება აცხადებს, რომ ლტოლვილთა ნაკადს ვეღარ უმკლავდება.

საბერძნეთის საზღვარზე შეკრებილი მიგრანტების შესაჩერებლად, ბერძენმა მესაზღვრეებმა და პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი აირი. ათენმა დროებით შეწყვიტა თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვაც. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს საქართველოში, კემლინ ფურლეის.

როგორ აფასებთ თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე არსებულ ვითარებას?

ლტოვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი შეშფოთებულია თურქეთისა და საბერძნეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამო. ამჟამად უამრავი ადამიანი ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფება. მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები: არასრუწლოვანები და მოზარდები, რომლებიც თანმხლები პირების გარეშე არიან.  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები იმყოფებიან საზღვრის ორივე მხარეს. ისინი იმ ადამიანების დახმარებას ცდილობენ, რომლებსაც ჰუმანიტარული მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, საზღვრის გასწვრივ არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო და მოვუწოდებთ სიმშვიდისა და დაძაბულობის განმუხტვისკენ. ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სოლიდარობა გამოიჩინონ და  თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის პროცესში დაეხმარონ საბერძნეთს, რათა ეს პროცესი ამ სახელმწიფოს ტვირთად არ დააწვეს.

როგორ შეაფასებდით საბერძნეთის სასაზღვრო სამსახურის მზადყოფნას და რეაგირებას შექმნილ მდგომარეობაში?

ყველა მთავრობას და სახელმწიფოს აქვს უფლება, საზღვრებზე კონტროლი თავად განახორციელოს. ქვეყნებს არავინ ავალდებულებს, შეიფარონ ყველა მიგრანტი, თუმცა საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტები ავალდებულებთ მათ, მისცენ უფლება ადამიანებს, მოითხოვონ თავშესაფარი. ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მყოფ ადამიანებს შორის არიან მიგრანტები, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ თავშესაფარი და მათი მოთხოვნა საფუძვლიანია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ აქვთ საკმარისი საფუძველი, რათა ლტოლვილის სტატუსი მიიღონ.  მაგრამ საზღვარზე სავარაუდოდ არიან ასევე ეკონომიკური მიგრანტებიც. ეს შერეული ჯგუფია. მთავარია, მთავრობამ აუცილებლად მისცეს უფლება ყველა ინდივიდუალურ პირს, მოითხოვოს თავშესაფარი და განიხილოს მათი მოთხოვნა. როდესაც მსგავსი სიტუაციაა და უამრავ ადამიანთან გვაქვს საქმე, მაშინ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი გასცემს რეკომენდაციას, მიღებული იყოს ზომები, რათა უფრო იოლად და სწრაფად მოხდეს მოთხოვნების შესწავლა და დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი მოთხოვნების გამოვლენა. ასეთ სიტუაციაში პროცედურების დაჩქარება შესაძლებელია, რა თქმა უნდა, სტანდარტის დაცვით და ღირებულებების პატივისცემით.

თქვენი აზრით, ხომ არ არის მოსალოდნელი ევროპაში ლტოლვილთა კრიზისის გამეორება?

თუ გავითვალისწინებთ ორივე მხარის ქმედებებს საზღვარზე, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ჩვენ აუცილებლად უნდა მივადევნოთ თვალი, როგორ იმოქმედებს ამ სიტუაციაში ევროკავშირი. მეორე მხრივ, თურქეთი უკვე იფარებს 4 მილიონ ლტოლვილს და გრძნობს, რომ იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია. თუ მთელ მსოფლიოს გადავხედავთ, ჩვენ უკვე გვაქვს დიდი, ლტოლვილთა გლობალური კრიზისი. მსოფლიოში დღეს 70 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია, მათი ნაწილი დევნილია საკუთარ სამშობლოში, 26 მილიონი ადამიანი კი ლტოლვილია სხვა ქვეყნებში. ისინი ძირითადად არიან სამხრეთ სუდანიდან, ავღანეთიდან და სირიიდან. ლტოლვილების 85 პროცენტს თავშესაფარი მეზობელმა სახელმწიფოებმა მისცეს. საუბარია განვითარებად ქვეყნებზე. მაგალითად, უგანდაში არის მილიონ 300 ათასი სამხრეთ სუდანელი და კონგოელი ლტოლვილი. ასევე, ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში სიტუაცია გართულდა სირიაში. იდლიბში არსებული ვითარება შეშფოთებას იწვევს. ამჟამად იდლიბიდან წამოსული იძულებით გადაადგილებული პირები ჯერ სირიაში იმყოფებიან, თუმცა არსებობს დიდი საფრთხე, რომ ისინიც ლტოლვილებად იქცნენ. საუბარია მილიონობით ადამიანზე. გლობალური სიტუაცია რთულია. რაც შეეხება საქართველოს, მე არ ვფიქრობ, რომ იდლიბში ან თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო, საქართველოში ლტოლვილთა რიცხვი გაიზრდება. ამის მთავარი მიზეზი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედებს თავშესაფრის მაძიებელთა მიღების კეთილსინდისიერი, წესიერი სისტემა, რომელიც ძალიან კარგად ფუნქციონირებს. საქართველო იფარებს დაახლოებით 1400 ადამიანს, რომელთაც საერთაშორისო დაცვა სჭირდებათ. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც აღიარეს ლტოლვილებად ან ჰუმანიტარული სტატუსი აქვთ მინიჭებული. ეს ძალიან კარგია, რადგან საქართველო მათ კარგად მასპინძლობს და იცავს. გაეროს ლტოლვილთა კომისარს ამ კუთხით საქართველოს იმედი აქვს, რომ მომდევნო წლებშიც ასე გაგრძელდება. საქართველო თავის წილ სამუშაოს ასრულებს და ასეც უნდა გააგრძელოს.

რა არის ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეკომენდაცია იდლიბში და თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით?

ეს საკითხები უნდა გავაცალკევოთ. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მყოფი ადამიანები ძირითადად არ არიან იდლიბიდან. იდლიბის კრიზისი სირიაში ხდება, ხოლო საბერძნეთის საზღვარზე მყოფი ადამიანები ძირითადად თურქეთიდან არიან, ან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ თურქეთში. მთავარი რეკომენდაცია არის სიმშვიდის შენარჩუნება და დაუშვებელია არაპროპორციული ძალის გამოყენება, ასევე აუცილებელია თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების პროცესის გაიოლება და დაჩქარება. უნდა გამოვლინდეს ყველა ადამიანი, ვისაც სჭირდება საერთაშორისო დაცვა და ისინი, ვისი მოთხოვნებიც დაუსაბუთებელია, უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მათი ღირსების დაცვით და ევროკავშირის მიერ დანერგილი სტანდარტით. არც 1951 წლის კონვენცია, რომელიც ლტოლვილების სტატუსს ეხება და არც ევროკავშირის კანონი ლტოლვილების შესახებ არ ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის შეჩერებას.

მსოფლიოს ამბები