არჩილ კალანდია - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები, ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას
არჩილ კალანდია - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები, ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას

სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სტამბოლში ასევე ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას.

„დღეს სტამბოლში გაიმართება საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა სამმხრივ ფორმატში. ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. შეხვედრის დროს განხილული იქნება თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებით. შეხვედრის შემდეგ მინისტრები გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას. ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას. გარდა ამისა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ ფორმატშიც გამართავს შეხვედრებს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან. გლობალური და რეგიონული დაკავშირებადობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება – ყველა ეს საკითხები იქნება განხილული შეხვედრის დროს“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.