კელი დეგნანმა და ჯასტინ მაკენზი სმიტმა გერმანიის ელჩს მხარდაჭერა გამოუცხადეს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა და გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა დღეს გამართული ვიდეკონფერენციის დროს გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„მე თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ პიროვნული და პროფესიული მხარდაჭერა გამოვუცხადო გერმანიის ელჩს და ხაზი გავუსვა, რომ ის, როგორ ყველა ჩვენგანი, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს“, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.
ბრიტანეთის ელჩის პოზიციას დაეთანხმა კელი დეგნანიც.
„ვეთანხმები სმიტს, რომ უადგილო იყო მისი ამაში ჩართვა. მე მისდამი მხოლოდ პატივისცემის გამოხატვა შემიძლია“, – დასძინა აშშ-ის ელჩმა.
შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“. ელჩის ამ განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
ამასთან, 29 ივნისს ევროკავშირმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.