ჰუბერტ ქნირში - ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა
ჰუბერტ ქნირში - ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა

ბატონი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

„მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც ვიყავით, იყო ის, რომ პოლარიზაცია საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ არ შეეძლოთ, შეხვედროდნენ და კომპრომისზე ემუშავათ დიპლომატების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიკისრეთ ეს როლი. მოლაპარაკებების 90 პროცენტი კონცენტრირებული იყო საარჩევნო სისტემაზე, პირდაპირი წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობაზე. რიცხვთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოდ იქნა შეთანხმებული – 30, რთული მოლაპარაკებები მიდიოდა თვეების განმავლობაში.

რეალურად, უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში პოლარიზაცია ასეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, დიპლომატების თანდასწრებით ადამიანებს ჰქონდათ გონივრული მოლაპარაკებები, ისინი იყენებდნენ არგუმენტებს და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს შესაძლებელია ქართულ პოლიტიკაში და გარკვეული მოთმინების შედეგად ჩვენ მივედით 8 მარტის კონსენსუსამდე“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

მისივე თქმით, მომავალი ორშაბათი შეთანხმების შესასრულებლად იქნება გადამწყვეტი დღე.

„ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო რვა მარტის შეთანხმების ნაწილი, მათი წარმომადგენლები პარლამენტში მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც შეთანხმება რვა მარტს იყო მიღწეული. როგორც ფასილიტატორების ჯგუფმა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გავავრცელეთ ერთი კვირის წინ, სადაც აბსოლუტურად მკაფიოდ ნათქვამია, რომ ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველა ძალამ დაუჭიროს მხარი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც არის ჩვენი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგი.

ბატონი რურუა არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში. ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. ცოტათი გაკვირვებული ვარ, რომ ახლა არის განხილვის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის შესწორებების შესაძლო ჩავარდნაზე დანაშაულის მიწერა – ოპოზიცია აცხადებს, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება პარლამენტში, უმრავლესობის პარტია იქნება დამნაშავე ამაში, უმრავლესობა კი, რა თქმა უნდა, აცხადებს, რომ თუ ის ჩავარდება, ის ჩავარდება იმიტომ, რომ თქვენ არ მიიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე არ ეხება დადანაშაულებას, არამედ დამსახურებასა და შექებას. თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება და ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება, მაშინ შექებას დაიმსახურებენ ისინი, ვინც მას მხარი დაუჭირა პარლამენტში“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

 

დატოვე კომენტარი