კელი დეგნანი - ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოესმინა
ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებებს, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოესმინა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სერგეი ლავროვის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს აქვთ პრობლემები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ისტორიას როდესაც ვსწავლობდი, ვნახე, საუკუნეების განმავლობაში რუსეთი არ ასრულებდა დაპირებებს. დღემდე ცდილობს, უარყოს საქართველო, მისი იდენტობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებებს, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოესმინა. არ მაქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს აქვთ პრობლემები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ მათ ეს სურთ, თუმცა ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, „ალტ ინფომ“ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მალე შეძლებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.