კელი დეგნანი - თითოეულმა პარტიამ მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის მხარდამჭერებს, რომ ძალადობა და დაშინება მიუღებელია
თითოეულმა პარტიამ მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის მხარდამჭერებს, რომ ძალადობა და დაშინება მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა მარნეულის ინციდენტებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთი შემთხვევები, რაც მარნეულში მოხდა, ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს.
„სამწუხაროა, როდესაც გვესმის ასეთი ინციდენტების შესახებ. მე მადლიერებას გამოვხატავ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ აღნიშნული შემთხვევების მონიტორინგს, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, ასევე, შს სამინისტროს მიმართ, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამასთან დაკავშირებით. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პარტიამ მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს თავის მხარდამჭერებს, რომ ასეთი სახის მოქმედება და ნებისმიერი სახის ძალადობა, მიუღებელია და რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასეთი ტიპის შემთხვევები აუცილებლად დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ყველა პარტიის წარმომადგენელმა თუ ლიდერმა მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის მხარდამჭერებს, ვინც არ უნდა იყოს ამ ინციდენტების უკან, რომ ძალადობა თუ დაშინება უბრალოდ მიუღებელია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
რამდენიმე დღის წინ მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. ამასთან, საქართველოს პირველი არხის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს. მომდევნო დღეს კი „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის წევრს თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ.