კელი დეგნანი - „სასამართლო მრჩევლის პროგრამის“ იდეა იყო ქართველი მოსამართლეების ინდივიდუალური პოტენციალის გაზრდა, მოუთმენლად ველოდებით, რომ გავაგრძელოთ პროგრამა
„სასამართლო მრჩევლის პროგრამის“ იდეა იყო ქართველი მოსამართლეების ინდივიდუალური პოტენციალის გაზრდა. მიღწეულია ბევრი წარმატება და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავაგრძელოთ ეს პროგრამა ინდივიდუალური მოსამართლეებისგან შეთავაზებების საფუძველზე იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიაჩნიათ აშშ-ის მხარდაჭერა ყველაზე სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „სასამართლო მრჩევლის პროგრამის შედეგების“ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩმა 2018 წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა მიმართული იყო ქართველი მოსამართლეებისა და ამერიკელი მოსამართლეების თანამშრომლობისკენ.
დეგნანის თქმით, პროგრამის ფარგლებში, 50 ქართველ მოსამართლეს აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლისა და აშშ-ში მართლმსაჯულების აღსრულებაზე დაკვირვებით მრავალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცა.
„ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ განგვეხილა და აღგვენიშნა სასამართლოს მრჩეველთა პროგრამის მრავალი წარმატება. ეს პროგრამა დაიწყო 2018 წელს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ და დაფინანსებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ. ის მიმართული იყო ქართველი მოსამართლეებისა და ამერიკელი მოსამართლეების თანამშრომლობისკენ. ეს იყო ნამდვილად ფენომენალური წარმატება. ჩვენ გვყავდა 50 ქართველი მოსამართლე, რომლებსაც ჰქონდათ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით წასვლის შესაძლებლობა, რათა შეხვედროდენ ამერიკელ მოსამართლეებს, დასწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, ენახათ ნაფიც მსაჯულთა ჟიურის შერჩევის პროცესი და აშშ-ში მართლმსაჯულების აღსრულებაზე დაკვირვებით მრავალი სხვა გამოცდილება მიეღოთ“, – განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანმა აქვე აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ასევე ეწვია ცხრა ამერიკელი მოსამართლე.
ჩვენ გვყავდა ცხრა ამერიკელი მოსამართლე საქართველოში ვიზიტით, პანდემიის დროსაც კი. ამიტომ, ეს იყო საკმაოდ დიდი მიღწევა, რომ ეხილათ, თუ როგორ მართავენ მოსამართლეები სასამართლო სხდომებს საქართველოში. ჩვენ გვყავს ათასობით მოსამართლე და პრაქტიკოსი იურისტი, რომლებმაც გაიარეს მომზადება სხვადასხა ტრენინგის ფარგლებში, რომლებიც ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით. ეს მხოლოდ დასაწყისია. მიღწეულია ბევრი წარმატება და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავაგრძელოთ ეს პროგრამა ინდივიდუალური მოსამართლეებისგან შეთავაზებების საფუძველზე იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიაჩნიათ აშშ-ის მხარდაჭერა ყველაზე სასარგებლოდ. ამ პროგრამის იდეა იყო ქართველი მოსამართლეების ინდივიდუალური პოტენციალის გაზრდა და ვფიქრობ, ეს იყო დიდი წარმატება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.