კელი დეგნანი - საქართველოს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრებთან, ამ თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ფასს კარგად ვხედავთ დღევანდელ ვითარებაში
კელი დეგნანი - საქართველოს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრებთან, ამ თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ფასს კარგად ვხედავთ დღევანდელ ვითარებაში

საქართველოს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის ისეთ სააგენტოებთან, როგორიც არის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო, დაავადებათა კონტროლის ცენტრები. ამ თანამშრომლობის შედეგებს, მნიშვნელობას და მის ფასს კარგად ვხედავთ დღევანდელ ვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საქართველოსთან ჯანდაცვის მიმართულებით და ამ თანამშრომლობის მიზანი იყო პროფესიონალური მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის შექმნა, რომელსაც შეეძლებოდა ასეთ საფრთხეებზე ეფექტურად რეაგირება. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დაახლოებით 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია, დახმარება განხორციელდა.

„აშშ-ის განვითარების სააგენტომ, USAID-მა ამ ვითარებაში გამოყო 2 მილიონ 700 ათასი დოლარი. ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა გამოყვეს სამი მილიონი დოლარის დახმარება. აღნიშნული დაფინანსება მოხმარდება ინფექციის პრევენციასა და კონტროლს, ეპიდზედამხედველობის ისეთი კომპონენტების მხარდაჭერას, როგორიც არის კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება, მზადყოფნის უზრუნველყოფა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერება.

საქართველოს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის ისეთ სააგენტოებთან, როგორიც არის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო, დაავადებათა კონტროლის ცენტრები. ამ თანამშრომლობის შედეგებსა და მნიშვნელობას და მის ფასს კარგად ვხედავთ დღევანდელ ვითარებაში. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა მრავალი სხვადასხვა მიმართულებით, რაც მოიცავდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ტრენინგებს, რომ მათ შეძლებოდათ ისეთ საფრთხეებზე რეაგირება, როგორშიც აღმოვჩნდით დღეს ყველა ჩვენგანი და ეს თანამშრომლობა დღესაც გრძელდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა დაახლოებით 500 ათასი დოლარის პერსონალური დამცავი აღჭურვილობა შეისყიდა ქართული კომპანიებისაგან და გადასცა საქართველოს თავდაცვის, ჯანდაცვის, შსს-ს და ასევე სხვა სამინისტროებს.

„ასევე მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან ერთად 4 ათასი ოქროს სტანდარტის ტესტ-კომპლექტის გადაცემის ცერემონიაში. აღნიშნული დახმარება გააძლიერებს საქართველოს უნარს, რომ მეტი ტესტი ჩაატაროს და შესაბამისად, დაიცვას ჯანმრთელობა ხალხის და ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ამასთან, მისი განცხადებით, გრძელდება სხვადასხვა გზებისა და საშუალებების მოძიება, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს კიდევ საქართველოს დახმარება.

„გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა გზებისა და საშუალებების მოძიებას, თუ როგორ შეგვიძლია, კიდევ დავეხმაროთ საქართველოს. ვმუშაობთ კერძო კომპანიებთან, რომ უზრუნველვყოთ სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის მიწოდება, ვპარტნიორობთ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა მხარი დავუჭიროთ ისეთ თემებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, მაგალითად, ხანში შესული მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან ეთნიკური უმცირესობა. ასევე ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს აუცილებელი საჯარო სერვისები და მხარს ვუჭერთ დამწყებ მეწარმეებს, რათა მოიძიონ ინოვაციური გზები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად“, – განაცხადა კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი თქმით, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა მილიონობით ლარი გადარიცხეს სტოპკოვიდის ფონდში.

„ამ საერთო ძალისხმევის დახმარებაში ასევე მონაწილეობენ ამერიკული კომპანიები. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა მილიონობით ლარი გადარიცხეს სტოპკოვიდის ფონდში, ასევე ამერიკულმა სასტუმროებმა, როგორიც არის – „მერიოტ ჰოტელ მოქსი“, „რედისონ პარკ ჰოტელი“, „შერატონ გრანდ ჰოტელი“, მათ შესთავაზეს საკუთარი შენობები კარანტინის სივრცეებად, ხოლო „კოკა-კოლამ“ უზრუნველყო სასმელების მიწოდება საკარანტინო სივრცეებში. გარდა ამისა, პალატის წევრმა კომპანიებმა უზრუნველყვეს სესხების გადავადება, ასევე მათ გადასცეს ლაბორატორიული ტესტები სხვადასხვა უწყებებს, დამცავი აღჭურვილობა; უზრუნველყვეს ტექნოლოგია, რათა სტუდენტებს, მოსწავლეებს შეძლებოდათ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება. ეს ალბათ კარგად ასახავს ამერიკული ფილანტროპიის სულისკვეთებას, სიუხვეს და კორპორაციულ-სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდში“, – განაცხადა ელჩმა, კელი დეგნანმა.