ლაშა ხუციშვილი - საქართველო საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს
ლაშა ხუციშვილი - საქართველო საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს

საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელს საქართველო შეუერთდა მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ IDA (საერთაშორისო განვითარების ასოციაცია) დონორების ქვეყნებს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 30-ე წლისთავზე, ხოლო მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება შევუერთდეთ აზიის განვითარების ბანკის ADF (აზიის განვითარების ფონდი) პლატფორმას, როგორც დონორი ორგანიზაცია.

2023 წელს საქართველო თავმჯდომარეობდა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას და წლის მანძილზე საქართველოში წარმატებით ჩატარდა ყველა დაგეგმილი ღონისძიება.

„ამჟამად მიმდინარეობს აქტიური სამზადისი, 2024 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისათვის, რაც იქნება ამ მიმართულებით საქართველოში ჩატარებული ყველაზე დიდი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.