კელი დეგნანი - რეფორმების გაგრძელება აუცილებელია, რათა განმტკიცდეს მართლმსაჯულების სისტემა, გულწრფელად მაქვს იმედი, რომ რეფორმები მალე გატარდება
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრა არის კარგი მაგალითი იმისა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად სამუშაო პროცესი გრძელდება.
მისივე თქმით, ეს არის ერთწლიანი პროცესის ერთი ნაწილი მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით, რომლებიც საუბრობენ, როგორ უნდა განმტკიცდეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა. ელჩის განმარტებით, აშშ მხარს უჭერს ამ ძალისხმევას.
„დღევანდელი ღონისძიება არის კარგი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში გრძელდება სამუშაო პროცესი, რათა გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა, გაგრძელდეს ის რეფორმები, რომლებიც ბოლო 15-20 წელიწადში განხორციელდა. ეს არის მაგალითი, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა შეიკრიბა, რათა მოხდეს აზრთა გაცვლა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. აქ არიან მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები, რომლებიც დღეს იკრიბებიან, რათა განიხილონ, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ დროული მართლმსაჯულება სასამართლო მოსმენების გზით და ეს პროცესი არ გაჭიანურდეს.
საქართველოს კონსტიტუცია და აშშ-ის კონსტიტუციაც იძლევა დროული მართმსაჯულების გარანტიას, სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში. აშშ-ის საელჩო მოხარულია, რომ მხარს უჭერს ამ ძალისხმევას და მასპინძლობს ამ ღონისძიებას, სადაც ვსაუბრობთ მართლმსაჯულების დროულობისა და ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესებაზე საქართველოში. ეს არის ერთწლიანი პროცესის ერთი ნაწილი მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით, რომლებიც იკრიბებიან და საუბრობენ, როგორ უნდა განმტკიცდეს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
ამასთან, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ამაყია, რომ უკვე მრავალი წელია, ეხმარება საქართველოს, განავითაროს მართლმსაჯულების სისტემა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესის გაგრძელებას. არის მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც უკვე განიხილეს საქართველოს ლიდერებმა და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებმა. ეს რუკა დაფუძნებულია ვენეციის კომისიის, ოდირის, სამართლის საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებზე. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა სთხოვა ვენეციის კომისიას და ოდირს, საერთაშორისო ექსპერტებს რეკომენდაციები და სწორედ პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე შემუშავდა ეს რეკომენდაციები. ასე რომ, მკაფიოა, რომ რეფორმების გაგრძელება აუცილებელია, რათა მართლმსაჯულების სისტემა განმტკიცდეს და უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოქალაქეები ენდობოდნენ მართლმსაჯულების სისტემას, ჰქონდეთ დროული, პროფესიონალური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ადმინისტრირება. ამისკენ მივისწრაფვით ყველა და გულწრფელად მაქვს იმედი, რომ რეფორმები მალე გატარდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
გარდა ამისა, კელი დეგნანის განმარტებით, იმედი მაქვს, ნებისმიერ საქმეზე კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა მოქალაქის მიმართ.
„პოლიტიკური ჩარევის და პოლიტიკური გასამართლების აღქმაც კი არყევს საზოგადოების ნდობას მარლმსაჯულების სისტემისადმი ზოგადად და ცხადია, კონკრეტული საქმეების შედეგების ნდობაზეც. მე იმედი მაქვს, რომ ნებისმიერ საქმეზე კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილიაციისა ან ბიზნესთან ასოცირებისა. ბევრი თავდადებული მოსამართლე მუშაობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რათა დაიცვას კანონის სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. აშშ მართლმსაჯულების სისტემის ამ წარმომადგენლებს დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს, ისევე როგორც ზოგადად ძალისხმევას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. მე იმედი მაქვს, რომ კანონი გამოყენებული იქნება თანაბრად და მიუკერძოებლად ყველა ადამიანის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილიაციისა ან ბიზნეს კონტექსტისა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.