კელი დეგნანი - პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დააპაუზოს, იმედი მაქვს, ეუთო/ოდირის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ასეც მოხდება
პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დააპაუზოს, გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ასეც მოხდება, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მესამე ანგარიშის კომენტირებისას.
ელჩის განცხადებით, დოკუმენტის სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონია, თუმცა მისი თქმით, ის იმეორებს იმას, რასაც ბევრი ქართველი.
„ვნახე ეუთო/ოდირის დასკვნა, მაგრამ მისი წაკითხვისა და სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობა არ მქონდა, თუმცა ის იმეორებს იმას, რასაც ბევრი ქართველი. ასევე, ჩვენ და საქართველოს სხვა მეგობრები ამბობენ, რომ საჭიროა ინკლუზიური და ფართო დისკუსია მართლმსაჯულების რეფორმაზე, ვიდრე მოსამართლეების პროცესი წავა წინ, მანამდე, დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს. ვიდრე ეს ინკლუზიური დისკუსია რეფორმების შესახებ იმართება და შემდეგ უკვე შეიძლება, დანიშვნები მოხდეს, ეს არის რაზეც პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტიაც შეთანხმდნენ 19 აპრილის შეთანხმებით. გასაგები და ნათელია, რომ ეს იყო გაწერილი თანმიმდევრულობა – ფართო და ინკლუზიური დებატები მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაპაუზება, ვიდრე ეს დისკუსია დასრულდება, შემდეგ პროცესის განახლება ახალი ჩარჩოს ფარგლებში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ამას გააკეთებს. პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ ეს პროცესი დააპაუზოს. გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ ოდირის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ეს ასეც მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს ჰქონდეთ ნდობა მოსამართლეთა არჩევის წესისადმი, რათა შემდეგ ჰქონდეთ ამ მოსამართლეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებისადმი ნდობა“, – განაცხადა ელჩმა.