კელი დეგნანი - მჭიდროდ ვმუშაობთ საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, ვცდილობთ, უზრუნველვყოთ შესაძლებლობებით და დავრწმუნდეთ, რომ აქვთ შესაბამისი სწავლება რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და ამას გავაგრძელებთ
ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ძალიან ბევრი სპეკულაციაა, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტის კითხვას, „თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებულმა სატვირთომ გაიარა საქართველოს ტერიტორია?“.
კელი დეგნანის თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან. ამასთან, აშშ ცდილობს, უზრუნველყოს შესაძლებლობებით და დარწმუნდეს, რომ ამ სამსახურებს აქვთ შესაბამისი სწავლება რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.
„არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია ამ სატვირთოს შესახებ. ძალიან ბევრი სპეკულაციაა მთელი ინციდენტის შესახებ და იმის მტკიცების თაობაზე, რომ ამან მოახდინა უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი თავდასხმების შეფერხება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ რა მოხდა ამ სატვირთოსთან დაკავშირებით, არავის აქვს ინფორმაცია. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან. ამ სამსახურებთან უკვე ათწლეულებია, ვმუშაობთ, ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ისინი შესაძლებლობებით და დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ შესაბამისი სწავლება, აღჭურვილობა საქართველოს საზღვრების დასაცავად და იმისთვის, რომ შეაკაონ რუსეთის აგრესია და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.