კელი დეგნანი - ეუთო/ოდირის ანგარიშში 2020-2021 წლის არჩევნებისთვის სამართლიანი არავის უწოდებია, იყო მთელი რიგი კარგი მოვლენა, გვსურს, თითოეული მომდევნო არჩევნები იყოს უკეთესი
კელი დეგნანი - ეუთო/ოდირის ანგარიშში 2020-2021 წლის არჩევნებისთვის სამართლიანი არავის უწოდებია, იყო მთელი რიგი კარგი მოვლენა, გვსურს, თითოეული მომდევნო არჩევნები იყოს უკეთესი

შეერთებული შტატები თანამშრომლობს საქართველოსთან, საქართველოს სხვა პარტნიორებიც აგრძელებენ თანამშრომლობას, რათა გავაძლიეროთ საარჩევნო ინსტიტუციები, რომ ფუნდამენტური პროცესები, როგორიც არის ხმის მიცემა, კენჭისყრა, წარიმართოს ხარვეზების გარეშე და არ იყოს გამოწვევის ქვეშ დაყენებული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩმა უპასუხა კითხვას, ელექტრონული საარჩევნო სისტემა რატომ შეიძლება იყოს ნაკლოვანი და ვერ უზრუნველყოფდეს არჩევნების სანდოობას.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებელია საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება ამომრჩევლებში.

„ზოგმა არასწორად გაიგო, არასწორი ინტერპრეტირება მოხდა, შეიძლება, ეს იყო გააზრებულად ან გაუაზრებლად. ფაქტია, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არასოდეს მიუცია ხმა ელექტრონული ფორმით მანამდე და საღი აზრი ამბობს, რომ ინფორმაცია უნდა არსებობდეს პროცესზე; როგორ მუშაობს ის, როგორ ჩატარდება, ეს უზრუნველყოფს, რომ არჩევნები უფრო უმტკივნეულო იქნება. იქნებიან ესენი უბნის თანამშრომლები თუ ამომრჩევლები, ყველას ექნება წარმოდგენა, როგორ განსხვავდება ელექტრონული არჩევნების ფორმა იმ ფორმისგან, რომელსაც შეჩვეული არიან. არაფერია წინააღმდეგობრივი, აქ არის საღი აზრი. აუცილებელი არის საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, ცენტრალური საარჩევნო კომისია მაქსიმუმს გააკეთებს მომდევნო თვეებში – შემდეგ ოქტომბრამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი – რათა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებისა და თანამშრომლების ინფორმირება მოხდეს, მომზადდეს, რომ უმტკივნეულოდ წარიმართოს მომდევნო წლის არჩევნები. იყო პრობლემები. ძალზედ მნიშვნელოვანია თანამშრომლების მომზადება ამ აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე ვიტყოდი, როგორც აღვნიშნე ინტერვიუში, ელექტრონული არჩევნები არ არის 100%-ით დაცული. გვინახავს სხვა ქვეყნებში, სადაც იყენებენ ელექტრონულ არჩევნებს, ჩემი ქვეყნის ჩათვლით. ზოგიერთ ქვეყანაში გადაწყვიტეს გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ, რომ არ არის ის საუკეთესო, რადგან გარკვეული შეზღუდვები ახლავს. ამიტომ მოსახლეობის ინფორმირება, თუ როგორ მუშაობს ეს, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნები წარიმართოს სირთულეების გარეშე, რომ არ იყოს შეფერხებები და ტექნიკური ხარვეზები“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის ანგარიშში, რომელიც 2020-2021 წლის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა, არჩევნებისთვის სამართლიანი არავის უწოდებია.
როგორც ელჩმა აღნიშნა, სადამკვირვებლო მისია მომავალი წლისთვის შედგება და ყველა აღიარებს, რომ 2024 წელს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება საქართველოში.

„ეუთო/ოდირის ანგარიშს რომ გაეცნოთ, რომელიც 2020-2021 წლის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა, არჩევნებისთვის სამართლიანი არავის უწოდებია. იყო მთელი რიგი კარგი მოვლენები, რაზეც იმ პერიოდშიც ვაკეთებდით კომენტარს, რომ კარგად ადმინისტრირებული არჩევნები იყო კოვიდის პერიოდის დროს, რაც ძალზედ დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. პოზიტიური მოვლენებიც არის, მაგრამ რისი ნახვაც გვსურს, ეს არის, რომ თითოეული არჩევნები იყოს უკეთესი არჩევნები, ვიდრე წინა. საჩივრების ნაწილი ეხებოდა სასამართლო პროცესსაც. თითოეული ადამიანი, ვინც წარადგენდა საჩივარს, თვლიდა, რომ ეს პროცესი არ ჩატარებულა სათანადოდ. შესწავლა, გამოძიება, კვლევა წარდგენილი საჩივრის შინაარსისა. მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი თვლიდეს, რომ მათი საჩივარი სრულად იყო განხილული, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ რწმენა, რომ არჩევნები სამართლიანია. ეუთო და დამკვირვებლები საზღვარგარეთიდან ეთანხმებიან ამ შეფასებას. დამკვირვებელი მისია მომავალი წლისთვის შედგება და ყველა აღიარებს, რომ 2024 წელს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება. 2020 წელს საერთაშორისო დამკვირვებლებმა ვერც კი შეძლეს ჩამოსვლა კოვიდის პერიოდის გამო, ამიტომაც იყო ნაწილობრივ ამდენი კითხვა, ამდენი დავა პროცესის დასასრულს. საარჩევნო დაკვირვება უაღრესად მნიშვნელოვანია. ზუსტად ამიტომაც არის, რომ მთელ მსოფლიოში ტარდება სხვადასხვა სახის არჩევნებზე ეს პროცესი. ეს ხელს უწყობს არჩევნების პროცესის გაუმჯობესებას, ზუსტად მითითებით, თუ სად იყო ხარვეზები. უფრო ფუნდამენტურად კი, ამომრჩეველს აძლევს რწმენას, რომ შედეგი გამართლებულია და სამართლიანად შედგა. შემდეგ იქნება ეს სასამართლოს მეშვეობით თუ თავად საარჩევნო კომისიის არსებული პროცესის მეშვეობით, მაგრამ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ რწმენა ამ ინსტიტუტებისა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.