კელი დეგნანი - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიების მიზანია, კიდევ ერთხელ დავაფასოთ და პატივი ვცეთ ქართველ ჯარისკაცებს, მხარს ვუჭერთ ხალხს, ვინც თავის ქვეყანას ემსახურება
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიების მიზანია, კიდევ ერთხელ დავაფასოთ და პატივი ვცეთ ქართველ ჯარისკაცებს, მხარს ვუჭერთ იმ ხალხს, ვინც თავის ქვეყანას ემსახურება, – საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კელი დეგნანის თქმით, მისთვის უაღრესად დიდი პატივია, რომ ამ ღონისძიებას ესწრება.
„ღონისძიების მიზანია ქართველი ჯარისკაცების დაფასება, რომლებიც სამშობლოსთვის იბრძვიან და იღვწიან. ასობით ჯარისკაცი დაშავდა და დაიჭრა სამსახურის პერიოდში და დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმას, რომ ჩვენ ეს დავაფასოთ და მათ პატივი ვცეთ.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ის საელჩო და ამერიკის მთავრობა ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის საქართველოში ჩამოყალიბებას, რომელშიც 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
„ცენტრი მხარს უჭერს დაშავებულ მეომრებს რეაბილიტაციის სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ დაჭრილი ჯარისკაცებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ცენტრის ფუნქციები კიდევ გაფართოვდეს და ასევე, სხვა მხრივაც მხარს ვუჭერთ იმ ხალხს, ვინც თავის ქვეყანას ემსახურება. სულ ახლახანს ამერიკის დაფინანსებით საზღვარგარეთ საავადმყოფოში სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის რამდენიმე ჯარისკაცი გაიგზავნა. ასეთი ღონისძიებები არის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავაფასოთ და პატივი ვცეთ ამ ადამიანებს. ჩვენთვის ეს მართლაც უდიდესი პატივია და ამერიკისთვის იმის შესაძლებლობაა, რომ გამოვხატოთ პატივისცემა და მადლიერება მათ მიმართ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.