კელი დეგნანი - აშშ მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალ სფეროში იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეასრულოს საერთაშორისო სანქციები
საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა, იყოს შუა დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთებისთვის, რასაც აშშ მხარს უჭერს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დეგნანს კითხვა დაუსვეს ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე. ტელეკომპანიის წამყვანმა, კრისტიან ამანპურმა ურსულა ფონ დერ ლაიენს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. კერძოდ, გავრცელებული ცნობების შესახებ, რომ სანქცირებული საქონელი რუსეთში საქართველოდან ხვდება.
კელი დეგნანის თქმით, აშშ მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალ სფეროში იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეასრულოს საერთაშორისო სანქციები.
„საქართველოსთვის, იყოს შუა დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთებისთვის, არის უზარმაზარი შესაძლებლობა, რასაც აშშ ძალიან უჭერს მხარს. ჩვენ მივისწრაფვით საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ამ დერეფანში საქართველოს წვლილის ზრდასთან ერთად, მას ასევე ჰქონდეს შესაძლებლობა, უზრუნველყოს საერთაშორისო სანქციების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის პარტნიორობის შეთავაზებას ნებისმიერ სექტორში, რომელშიც საქართველო ისურვებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.