ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის აღკვეთაზე
ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის აღკვეთაზე. ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენთან“ ეთერში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა.
ტელეკომპანიის წამყვანმა, კრისტიან ამანპურმა ურსულა ფონ დერ ლაიენს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა, კერძოდ, გავრცელებული ცნობების შესახებ, რომ სანქცირებული საქონელი რუსეთში საქართველოდან ხვდება.
„მინდა, გკითხოთ სანქციებთან დაკავშირებით. თქვენ მკაფიოდ განაცხადეთ, რომ სანქციებს სანქციებზე აწესებთ რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ გვესმის, და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახეთ გავრცელებული ცნობები, რომ ამის მიუხედავად, ბევრი აკრძალული საქონელი ხვდება იქ გვერდის ავლით, განსაკუთრებით, ბოლო ცნობების თანახმად, საქართველოდან. როგორ შეიძლება შეჩერება იმისა, რომ რუსეთმა მიიღოს ის, რაც სჭირდება სანქციების პირობებშიც კი?“ – იკითხა ამანპურმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება იმაზე, რომ მასშტაბური შედეგები დადგეს მათთვის, ვინც ევროკავშირის სანქციებს გვერდს უვლის.
„ჩვენ დავაწესეთ სანქციების ცხრა პაკეტი და ეს სანქციები იკბინება, ისინი აზარალებს რუსულ ეკონომიკას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომას უზღუდავს, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ, რა თქმა უნდა, არის გვერდის ავლის მცდელობა და ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. ჩვენ უკვე ვამბობთ, რომ შევქმნით იმ პირთა სიას, რომლებიც იღებენ ტექნოლოგიებს ან საქონელს ევროკავშირიდან და აწვდიან მათ რუსეთს. სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ამ ხვრელების დახურვაზე, გვერდის ავლის გზების აღკვეთასა და იმაზე, რომ მასშტაბური შედეგები დადგეს მათთვის, ვინც ევროკავშირის სანქციებს გვერდს უვლის. ასე რომ, მეათე პაკეტი ამაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.