კელი დეგნანი - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს საერთო პრიორიტეტები გვაქვს
კელი დეგნანი - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს საერთო პრიორიტეტები გვაქვს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს საერთო პრიორიტეტები გვაქვს. ვამაყობ, რომ ბევრი ინიციატივა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახელით ხორციელდება, მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, როდესაც კერძო სექტორი, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სამოქალაქო საზოგადოება იკრიბება და ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოების საჭიროებები დაკმაყოფილდეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„ძალიან ვამაყობ, რომ დღეს თქვენ წინაშე ვიმყოფები და ვხსნით ამ მნიშვნელოვან ობიექტს, კლინიკას. როგორც წინა გამომსვლელებმა ბრძანეს, ძალიან მნიშვნელოვანია ის მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც აკავშირებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს. ეს მნიშვნელობა აღიარა ყველამ. როდესაც კერძო სექტორი, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სამოქალაქო საზოგადოება იკრიბება და ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოების საჭიროებები დაკმაყოფილდეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს საერთო პრიორიტეტები გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საზოგადოების ყველა წევრი იყოს სრულად ჩართული. ვამაყობ, რომ ბევრი ინიციატივა, რომელიც ამერიკის საერთაშორიო განვითარების სააგენტოს სახელით ხორციელდება, ასეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ემსახურება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს, განსაკუთრებით შშმ-პირების უფლებების დაცვის კუთხით.

„მინდა, მივულოცო პარლამენტს, მისი სპიკერის ხელმძღვანელობით, კანონის დამტკიცება შშმ-პირების უფლებების დაცვის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც გზას უხსნის ამ პირებს, რომლებიც ადრე არ იყვნენ ასე კარგად წარმოდგენილი საზოგადოებაში და სრულად ვერ იღებდნენ მონაწილეობას საზოგადოების განვითარებაში. შშმ-პირები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ, მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების განვითარებაში და მმართველობაში. ეს ნამდვილად არის პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ინკლუზიურობისკენ. ბევრია კვლავ გასაკეთებელი, თუმცა აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ვეხმარებოდით სამინისტროს სახელმწიფო საპილოტე პროგრამის შემუშავებაში და ბიუჯეტირებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც სჭირდება ასეთ სერვისები, ვერ ახორციელებდნენ წვდომას ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე. ვისაც სჭირდება რეაბილიტაცია, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რათა ასეთ ობიექტში მიიღოს რეაბილიტაცია. ძალიან კარგია ფაქტი, რომ მთავრობამ აღიარა ეს პრიორიტეტი და იმედი მაქვს, რომ ხალხის ეს კატეგორია, შშმ-პირები ამ მომსახურებით სრულად ისარგებლებენ. ჩვენ ფუნქციური შეფასების შესაძლებლობას ვიძლევით აჭარაში, რათა შშმ-ბავშვებმა მთელ საქართველოში მიიღონ მინდობით ზრდის შესაძლებლობა, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები ჩაერთონ საზოგადოებაში და აღარ მოხდეს მათი ინტერესებისა და საჭიროებების უგულველყოფა, რომ სრულად მოხდეს მათი ჩართულობა საზოგადოებაში“, – განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, „ემორის“ უნივერსიტეტის საშუალებით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს განმახორციელებელი პარტნიორი მოახერხებს ცენტრის ადმინისტრაციული პერსონალისა და სამედიცინო პროფესიონალების სწავლებას, პირველი წლის განმავლობაში დაეხმარება მუშაობაში, რათა მომდევნო წლებში თავად განხორციელდეს ამ ობიექტის მართვა.

„საქართველოს მთავრობასთან, სამედიცინო დარგის წარმომადგენლებთან, კერძო სექტორთან ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია ეს ობიექტი და ეს პროგრამა, რომელსაც დღეს ვიწყებთ. როგორც სხვებმა ბრძანეს, ეს არის ოცნება, რომელიც კენ ვოლკერს ჰქონდა 25 წლის წინ და ატლანტიდან თბილისში შეიქმნა თანამშრომლობა საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროებში. ეს პარტნიორობა, ამ ერთი ობიექტის გარდა, ბევრი სხვა გვაქვს. მნიშვნელოვანია, საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესება და ეს არის საუკეთესო ნიმუში, თუ რამდენად კარგად რეაგირებს საქართველოს მთავრობა ამ გამოწვევებზე, მათ შორის ახალი კორონავირუსის პანდემიაზე. „ემორის“ უნივერსიტეტი ახლა გადასცემს უკვე ამ მემკვიდრეობას ქართველ პარტნიორებს. მადლობა მობრძანებისთვის ყველას, რადგან თქვენი დასწრება არის იმის მტკიცებულება, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და მშენებლობაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.