კელი დეგნანი აცხადებს, რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, უკრაინამ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი უკან გამოიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება.
კერძოდ, კითხვაზე, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა გადაიგზავნოს თუ არა ვენეციის კომისიაში, ვინაიდან ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ეს საქართველოსგან, ელჩმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანი რჩევაა, განსაკუთრებით, როდესაც ის მოდის ევროდელეგაციისგან, ევროპის წარმომადგენლებისგან საქართველოში, რადგანაც ეს ის ინსტიტუტებია, ვისთანაც თანამშრომლობს საქართველო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა მათი მხრიდან“.
მისივე თქმით, იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, უკან გამოიწვიეს, თუმცა, რადგან „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არის საკმაოდ კომპლექსური, მნიშვნელოვანია, ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ გააკეთონ დასკვნები.
„მე მგონი, არსებობდა რაღაც დაბნეულობა ამასთან დაკავშირებით. იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გამოიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება. თუმცა, რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.